Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: გადაწყდა მშვიდობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მოიტანს უპრეცედენტო განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში

„კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის და მე მინდა მივულოცო ყველას, არა მხოლოდ იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე და მშვიდობით მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მშვიდობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობის პირობებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის განხორციელების საფუძველზე 4 წლის თავზე საქართველო განვითარების სრულიად სხვა დონეზე იქნება.

„მშვიდობას მოაქვს განვითარება და ჩვენ უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას, ყოველდღიურ მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რაზეც იყო საუბარი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. მშვიდობის პირობებში ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე 4 წლის თავზე საქართველო იქნება განვითარების სრულიად სხვა დონეზე. ჩვენ გვქონდა საუბარი კონკრეტულ მონაცემებზე. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 50 მილიარდიდან ამ ოთხ წელიწადში 90 მილიარდ ლარამდე, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური მიზნები და ვფიქრობთ, რომ 4 წელიწადში აუცილებლად გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე. 40 მილიარდს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი.

3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ და 712 ნახევარი ლარიდან უკვე გავზარდეთ 2000 ლარამდე საშუალო ხელფასი. 3500 ლარი გახდება 4 წლის თავზე. 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 4 წლის თავზე. დასრულდება ავტობანის პროექტები, ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი, ახალი უნივერსიტეტები, ასაშენებელი გვაქვს ასობით ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი. ამ ყველაფერზე უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას. ამ სიკეთით ისარგებლებს რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეული მოქალაქე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გადაწყდა მშვიდობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მოიტანს უპრეცედენტო განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები