ახლა არანორმალურებზე უნდა მალაპარაკოთ? როგორ შეიძლება დღეს, 8 საათზე თქვა, რომ ყველაფერი გარკვეულია, დამარცხებულია და ვიღაცა გამარჯვებულია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. უპირველესად, რაც მე მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე. უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თქვენ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია, ყველამ ხმა უნდა მივცეთ და მეც ასე მოვიქეცი, ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში.
მთავარი ამოცანაა, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობაზე. ახლა არანორმალურებზე უნდა მალაპარაკოთ? როგორ შეიძლება დღეს, 8 საათზე თქვა, რომ ყველაფერი გარკვეულია, დამარცხებულია და ვიღაცა გამარჯვებულია. არავინ არ უნდა იყოს ამის შემდგომ დამარცხებული და გამარჯვებული. ქართველი ხალხი უნდა გამარჯვებული, რომელიც გამოხატავს თავის ნებას და ხელისუფლების და ცესკო-ს მთავარი ამოცანა არის, რომ ეს ასახოს ადეკვატურად და ობიექტურად. დანარჩენი ოცნებებია ადამიანების. მე მოვუწოდებ ყველას, რომ უნდა შევწყვიტოთ ეს ოცნება, უნდა შევწყვიტოთ ოცნება და გადავიდეთ საქმეზე და ქვეყანა მივიყვანოთ რაც შეიძლება სწარაფად ევროპული გაერთიანებისკენ.
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს 31-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ შემთხვევაზე, სადაც სამ ბიულეტენზე პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო ნომერი იყო გაფერადებული, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა თუკი დაფიქსირდა, საჩივარი უნდა დაიწეროს.
„მე პირველად მესმის, თუ ასეთი დარღვევა არსებობს ბუნებაში, რა თქმა უნდა, საჩივარი უნდა დაიწეროს და რაც გასაკეთებელია უნდა გაკეთდეს. თუმცა, გამოდის, რომ ჩვენ ვუყალბებთ „ოცნებას“ არჩევნებს? თუ ასეთი მოხალისეები არსებობენ, ვინც თავის თავზე იღებენ ყველანაირ რისკებს, მათ შორის სამართლებრივ რისკებს, რათა მხარი დაგვიჭირონ ჩვენ ან სხვა ნებისმიერ დემოკრატიულ ძალას, მე მათ მადლობას ვეტყვი“, – განაცხადა გახარიამ.