Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

ფლორიდა ქარიშხალ „მილტონის“ იარებს იშუშებს

GUARDIANGE – სულ მცირე 16 ადამიანია გარდაცვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ხუთი ფლორიდაში, მას შემდეგ, რაც ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ტროპიკულმა ქარიშხალმა „მილტონმა“ გადაურა.

მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი „მილტონი“ ფლორიდის შტატიდან უკვე ბაჰამისკენ მიიწევს, გუბერნატორმა რონ დესანტისმა კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდა მოქალაქეებს, რადგან მომავალ დღეებში წყალდიდობების მაღალი ალბათობა არსებობს. მან აღნიშნა, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

„მოულოდნელად, ჩემი სხვენის კარი ცაში გაფრინდა, ჩემს სახლში ყველა საგანმა გარშემო დაიწყო ფრენა“, – უთხრა BBC-ის ახალ ამბებს ქალბატონმა კრისტალ კოლმენმა, ფლორიდაში, სენტ-ლუსიის ოლქში, მისი სახლის ნანგრევბთან. მას აინტერესებს, თუ სად გაათევენ ღამეს ის და მისი ქალიშვილი. „ეს იყო დამანგრეველი, ჩვენ ძალიან გვეშინოდა. ვგრძნობდი, თითქოს ტორნადო ჩვენს სახლში დაძრწოდა“, – თქვა მან.

კრისტალი ბედნიერია, რომ ცოცხალია, მაგრამ არ იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ. მისი სამეზობლო ერთ-ერთია იმ მრავალთაგან შტატის მასშტაბით, რომელიც „მილტონმა“ გაანადგურა, უზარმაზარი ზიანი მიაყენა და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ტორნადომ ქალბატონი კრისტალის სახლის სახურავის ნაწილები ჩამოგლიჯა, ფანჯრები დალეწა.

ზოგადად, შტატში დაზიანებულია გზები, ამოძირკვულია ხეები, გარშემო მიმოფანტულია შენობების ნანგრევები. დენი გამორთულია და ონკანებში წყალი არ მოდის.

ქარიშხალმა ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა გამოიწვია და ნალექმა 45 სმ-მდე მიაღწია. უბნები და გზები კვლავ დატბორილია, ბიზნესები, სახლები და სტადიონები ქარმა დაშალა, მაგრამ ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა თქვა, რომ შტატში მოვლენები „ყველაზე უარესი სცენარის“ მიხედვით მაინც არ განვითარდა.

არაკომერციული ორგანიზაციის თანამშრომლები ასობით ცხელ კერძს არიგებენ. ხალხი მადლიერია ცხელი სადილისთვის, ღიმილისა და გაწვდილი ხელისთვის. შტატის ზოგიერთი მცხოვრები ამბობს, რომ ისინი დახმარებისთვის აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს (Fema-ს) დაუკავშირდნენ და ამ დროისთვის მათ ყველაზე მეტად თავიანთი ოჯახებისთვის თავშესაფრის და საკვების მოძიება აწუხებთ.

„ეს აფეთქებას ჰგავდა. უეცრად დენიც გამოირთო“, – უთხრა BBC-ის 60 წლის მარია ბოუმენმა, რომელიც ევაკუაციის ზონაში ცხოვრობდა. მან თქვა, რომ წარსულში არაერთ ქარიშხალს გამკლავებია, მაგრამ ახლა უკვე ფლორიდის შტატიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლაზე ფიქრობს. „საკმაოდ ბევრი ქარიშხალია. ერთ დღეს შეიძლება გადარჩე, მაგრამ შემდეგ ჯერზე ვერა“, – თქვა ბოუმენმა.

8 ოქტომბერს, ხელისუფლება აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ „მილტონი“ მე-5 კატეგორიის ქარიშხალი იქნებოდა, თუმცა ის ფლორიდას თავს დაატყდა, როგორც მესამე კატეგორიის ქარიშხალი, 90 წუთის შემდეგ კი, მეორე კატეგორიის ქარიშხლამდე დაქვეითდა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ძალზე მძლავრი და სახიფათოა აღმოჩნდა. მას ძლიერი წყალდიდობები და საშიში ქარი ახლდა თან – ქარის სიჩქარე 165 კმ/სთ-ს შეადგენდა.

არადა, ორი კვირაც კი არ იყო გასული იქიდან, რაც ქარიშხალმა ჰელენმა – 2005 წლის კატრინას შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელმა ქარიშხალმა – რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს, სულ მცირე 225 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასეულობით სხვა კი ამ დრომდე დაკარგულად არის გამოცხადებული. 225-დან მინიმუმ 14 ადამიანი ფლორიდაში შეეწირა სტიქიას.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები