საინფორმაციო პორტალი region.ge განაგრძობს მასალების ციკლს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში არსებული ვითარების შესახებ.
ჩვენი რესპონდენტის, არასრულწლოვნების მშობლის განცხადებით, ამჯერად საქმე ეხება აღნიშნული სააგენტოს ფსიქოლოგს, ნინო სამხარაძეს, რომელმაც საკუთარ დასკვნაში – ე.წ. „სიტუაციურ ანალიზში“, საკვანძო ფაქტი გააყალბა.
„ე.წ. ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ საკუთარ „სიტუაციურ ანალიზში“ საკვანძო ფაქტი გააყალბა.
აღნიშნულის შესახებ მე ვაცნობე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდამონიტორინგის სამსახურს და მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურმა თვეებია მოკვლევა დაიწყო, დასკვნა ჯერ კიდევ არაა დადებული.
აღსანიშნავია, რომ უწყების შიდამონიტორინგის სამსახური, ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, იძულებული გახდა, ამავე სააგენტოს სოციალური მუშაკის, მისი განყოფილების უფროსისა და თვით თბილისის ცენტრის უფროსის მიმართ დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი დაეფიქსირებინა, თუმცა, ჯერჯერობით, ჩემთვის ისიც კი არაა ცნობილი, აღნიშნული გადაცდომის (ჩემი შეფასებით კი სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულის ჩადენის) გამო, გატარდა თუ არა მათ მიმართ სანქციები.
უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, ჩემს საქმეს ისევ თბილისის ცენტრის უფროსი, ვინმე ხელაძე კურირებს, რომელიც ამავე საქმეზე დისციპლინარულ გადაცდომაშია მხილებული (?!)
მიმაჩნია, რომ სწორედ მისი დაკვეთა იყო, საქმეში ჩართულ ახალ სოციალურ მუშაკს, გვარად ახვლედიანს, დაეფიქსირებინა თავის დასკვნაში ყალბი ინფორმაცია, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებთ.
რაც შეეხება ფსიქოლოგ ნინო სამხარაძეს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ, მან გააყალბა საკვანძო ფაქტი საკუთარ „სიტუაციურ ანალიზში“, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვა.
მე, ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოს განვუცხადე, რომ გამაჩნია კანონიერი გზით მოპოვებული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიერ ფაქტის გაყალბებას, თუმცა მათ ეს მტკიცებულებები არ მოუთხოვიათ და მხოლოდ ჩემთან ზეპირი გასაუბრებით შემოიფარგლნენ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, უწყების შიდამონიტორინგის სამსახურმა დაარღვია ჩემთვის ცნობილი ყველანაირი კანონიერი ვადები, რათა დასკვნა დაეწერა ფსიქოლოგ ნინო სამხარაძისა და იურისტ ნათია სვანიძის ქმედებებთან დაკავშირებით.
მიმაჩნია, რომ ეს არის ერთიანი დანაშაულებრივი ჯაჭვი და ამ უწყებაში ბავშვების ბედით უბრალოდ ვაჭრობენ.
მე, შსს კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოს განვუცხადე, რომ გამაჩნია ყველა მტკიცებულება, რათა დავამტკიცო ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგის, ნინო სამხარაძის, (ჩემი შეფასებით) დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც შემდგომ სხვა შედეგები მოჰყვა.
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: გთხოვთ დააჩქაროთ აღნიშნული საქმის გამოძიება, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებს და მათ მომავალს ეხება“ – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
მისივე თქმით, შსს კრიმინალური პოლიციის მთავარმა დეპარტამენტმა საქმე განსახილველად კონკრეტულ განყოფილებაში უკვე გადაგზავნა და ელოდება, როდის მიეცემა შესაძლებლობა, გამოძიებას საკუთარი მტკიცებულებები წარუდგინოს.