“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება განათლების და კვლევების ჰაბი რეგიონის მასშტაბით. გაიზრდება უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა – KIU გახდება მულტიპროფილური უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრადხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
როგორც გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისათვის, კლუბები, სპორტული ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, უნივერსიტეტში შექმნილია ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია – უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომელთან ერთადაც ხორციელდება ერთობლივი პროგრამები. ამ საქმეში მხარდაჭერისთვისა და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ.
ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია განათლება და მეცნიერება. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი მაქსიმალურად სწრაფად გავუთანაბროთ წამყვანი ევროპული ქვეყნების საუნივერსიტეტო განათლებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, აკადემიური და შინაარსობრივი თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშავდება და საზოგადოებას მალე წარედგინება ის ამბიციური გეგმა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში სრულიად განახლებული უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ და უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.