საქართველოს რკინიგზის განცხადებით, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
„მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე – საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.