Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: ეკლესია უმჯობესად მიიჩნევს არსებული სტატუსის შენარჩუნებას

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავს ახვევს სხვა სამართლებრივ მოდელს.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დღევანდელი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

გიორგი ზვიადაძის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან არაოფიციალურ დონეზე გაჟღერებული შეთავაზება სახელმწიფო ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით მიზნად ისახავს, ხელისუფლების მხრიდან უფრო დიდი დახმარება ჰქონდეს ეკლესიას.

„მიუღებელია, როდესაც ამ საკითხს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, ზოგიერთი ტელევიზია განიხილავს ისეთ კონტექსტში, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ხელისუფლება თავს ახვევდეს სხვა სამართლებრივ მოდელს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს ეკლესიის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, უდიდეს დახმარებას უწევს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ეკლესიას, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ურთიერთობა, რაც დღეს არსებობს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს ყოფილა მცდელობა, ეკლესიას რაიმე აზრი და საკუთარი შეხედულება თავს მოახვიოს. ამდენად, რაიმე ოფიციალურ დონეზე არ ყოფილა მცდელობა, საქართველოს ეკლესიამ შეცვალოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დღეს არსებული სამართლებრივი მოდელი, რაც არის კონსტიტუციური შეთანხმება. ეს შეთანხმება როცა გაფორმდა, წინ უძღოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მსოფლიოში არსებული სამართლებრივი მოდელების შესწავლა. საქართველოს ეკლესიისა და პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პოზიცია იყო ერთმნიშვნელოვნად მართებული და სწორი, რომ კონსტიტუციური შეთანხმების შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან, ამავე დროს, თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, განათლების სფეროში, სოციალურ სფეროში. ეს არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე აგებული შეთამხმება, რაც გაფორმდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფოს მხრიდან როცა არაოფიციალურად ჟღერდება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებისა და მისი საქმიანობისთვის, მისი უფრო ფართო მასშტაბის საქმიანობისთვის სახელმწიფო ეკლესიის სტატუსი ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ეს შემოთავაზება, ისიც არაოფიციალურ დონეზე კონსულტაციების სახით, მიზნად ისახავს, ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო ფართო და დიდი დახმარება ჰქონდეს ეკლესიას, რომ ეკლესიას ხელი შეეწყოს უფრო მეტი მოღვაწეობისთვის, მისი სტატუსი იყოს უფრო მაღალი და რაღაც ისე მოხდეს, რომ ეკლესიის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშოს ქართველი ერის ცხოვრებაში“, – აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.

გიორგი ზვიადაძის თქმით, სახელმწიფო ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით შემოთავაზება ნაკარნახევია მხოლოდ ეკლესიიის დახმარების და მისი ავტორიტეტის განმტკიცების სურვილით, მაგრამ ეკლესიის მხრიდან არის სამართლებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„სამართლებრივი მიდგომა ეფუძნება იმას, რომ კონსტიტუციური შეთანხმების შემთხვევაში სრულად დაცულია ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან და სახელმწიფოს არავითარი ბერკეტი არ აქვს, ჩაერიოს ეკლესიის ცხოვრებაში. ასევე, სრული დამოუკიდებლობა აქვს სახელმწიფოს საქართველოს ეკლესიისგან, ამავე დროს უზრუნველყოფილია ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის იმ სფეროში, რასაც ითვალისწინებს საეკლესიო სამართალი.

ამდენად, ეს წმინდა წყლის სამეცნიერო საკითხია, საეკლესიო კანონიკური საკითხია. ამ მოდელებს შორის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სავსებით სამართლიანად აირჩია სწორედ ის სამართლებრივი მოდელი, რაც მას საშუალებას აძლევს, სრულად დამოუკიდებელი იყოს სახელმწიფოსგან, ამავე დროს, თანამშრომლობდეს სახელმწიფოსთან ქართველი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს დაქვემდებარების პრინციპს მოითხოვს და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ამის გამოცდილება არსებობს. სახელმწიფო რელიგიად, სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადების შემთხვევაში, ეს თავისთავად გულისხმობს გარკვეულ დაქვემდებარებას სახელმწიფოსადმი და, ბუნებრივია, ეკლესია ამის წინააღმდეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით, მინდა, აღვნიშნო, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ამას არანაირად არ ახვევს თავს ეკლესიას. ეს შემოთავაზება იყო არაოფიციალურ დონეზე და, ბუნებრივია, ეკლესია უმჯობესად მიიჩნევს იმ სამართლებრივი სტატუსის შენარჩუნებას და სამართლებრივი მოდელის ძალაში დატოვებას, რაც გულისხმობს კონსტიტუციურ შეთანხმებას“, – განუცხადა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პირველ არხს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები