სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.1 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), თევზეული (-0.1 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.1 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (4.2 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (0.7 პროცენტი) და პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (0.3 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.