ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. სადებიუტო ოლიმპიადაზე სპორტსმენი ფინალში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო და კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
23 წლის სპორტსმენმა ფინალამდე მერვედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს – იაპონელ აარონ ვოლფს ვაზარით სძლია, ნახევარფინალში კი შვეიცარიელ დანიელ აიხთან 11 წამში იპონით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.