საინფორმაციო პორტალი region.ge განაგრძობს მასალების ციკლს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში არსებული ვითარების შესახებ.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, არასრულწლოვნების მშობლის დაახლოებით 8-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ი იძულებული გახდა ეღიარებინა უწყების სოციალური მუშაკის, მისი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი, თუმცა, არასრულწლოვნების მშობელი ვარაუდობს, რომ საქმე არა დისციპლინარულ გადაცდომასთან, არამედ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან ჩართული.
არასრულწლოვნების მშობლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის მთელი ვერტიკალი დისციპლინარულ გადაცდომაშია მხილებული, მისი ინფორმაციით, მათ მიმართ ჯერჯერობით კონკრეტული სანქციები არ გატარებულა.
„მპასუხობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დისციპლინარული წარმოება, რაც თვეებია, გრძელდება. ხმამაღლა ვაცხადებ, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულის დაფარვასთან, რაც გამოიხატება ფიზიკურ და აგრეთვე ჯგუფურ ფსიქოლოგიურ ძალადობაში არასრულწლოვნის მიმართ, ბავშვის დედისა და მისი მშობლების მიერ.
რაც ყველაზე კომიკურია, მართალია ჩემს საქმესთან დაკავშირებით შეიცვალა დაბალი რგოლი – ანუ სოციალური მუშაკი, მაგრამ ახალ სოციალურ მუშაკს ზედამხედველობას უწევენ ისევ ის პირები, ვინც აღნიშნულ საქმეზე დისციპლინარულ გადაცდომაში არიან მხილებულნი.
უფრო მეტიც, მე დამიკავშირდნენ ადამიანები, რომლებიც დაახლოებით იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის მიმართ და ვრცელ მასალას ამ თემაზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, – აცხადებს მშობელი.
გარდა ამისა, პორტალმა region.ge – მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით – „უწყება რომელსაც ბავშვების ბედი აბარია და სადაც ბავშვსა და ძაღლს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ – რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროში“.
“ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში შიდა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დღემდე მიმდინარეობს მოკვლევა უწყების იურისტის, ნათია სვანიძისა (რომელიც ბავშვს და ძაღლს ერთმანეთისგან ვერ არჩევს) და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიმართ, რომელმაც, ჩვენი რესპონდენტის თქმით, აღსრულების პროცესის დროს ბავშვთან გასაუბრების დეტალები გააყალბა, რის გამოც, მშობელს სასამართლოს ბრძანების აღუსრულებლობის გამო 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ თავის ე.წ. სიტუაციურ ანალიზში, არასრულწლოვანთან გასაუბრების ფრაგმენტი გააყალბა, რითაც საშუალება მისცა იურისტ ნათია სვანიძეს, რომ მისივე შედგენილი ჯარიმის ოქმი ძალაში დაეტოვებინა.
გამაჩნია კანონიერი გზით მოპოვებული ჩანაწერები, რომელიც ატარებს მტკიცებულებით ხასიათს, სადაც ნათლად ჩანს ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიერ საუბრის გაყალბების ფაქტი და მოვუწოდებ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ იმ უწყებაში არსებული მდგომარეობით, რომელსაც ბავშვების ბედი აბარია და სადაც ბავშვების უფლებები ყველაზე მეტადაა ფეხქვეშ გათელილი.
როგორც მოგახსენეთ, დისციპლინარული გადაცდომის გამო ჩემს საქმეს ჩამოაშორეს სოცმუშაკი სალომე ჯიოშვილი, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები დაფარა და დამინიშნეს ახალი სოცმუშაკი მარიამ ახვლედიანი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ყოფილ მეუღლეს ჩემი უმცროსი შვილი უკვე მეოთხე თვეა წაყვანილი ჰყავს, ჩემთვის უცნობია მისი ზუსტი ადგილსამყოფელი, ბავშვს შეზღუდული აქვს ყოველგვარი კომუნიკაცია, შეზღუდული აქვს კონსტიტუციით გარანტირებული ისეთი უფლება, როგორიცაა განათლების უფლება, ვინაიდან 27 აპრილის შემდეგ ბავშვს პრაქტიკულად არ უვლია სკოლაში და გაიყვანეს ყველა წრიდან.
უდიდესი ალბათობით, ბავშვი იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს არაერთ ქმედებას ადგილი ჰქონდა მისი უფროსი დედმამიშვილის მიმართ.
მე დავურეკე ახალ სოციალურ მუშაკს, ახვლედიანს და ვკითხე, ინფორმირებული იყო თუ არა ბავშვის მდგომარეობით, რომელიც მეოთხე თვეა არ მინახავს, რაზეც ახვლედიანმა მიპასუხა, რომ – „წინა შეხვედრის დროს მე მას ვუთხარი, რომ სამი თვეა არ მინახავს“(?!) წინა შეხვედრის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, თუმცა საინტერესოა, თუნდაც სამი თვე ცოტაა, რომ მშობელი შვილის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს?
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ახალი სოცმუშაკი მოტივირებულია ასევე დამალოს ის სავარაუდო დანაშაულები, რომელიც ჩადენილი აქვთ მის კოლეგას და უშუალო უფროსებს, თუმცა, ვისურვებდი, რომ ამ ვარაუდში ვცდებოდე“, – აცხადებს მშობელი.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში ისეთი ვითარებაა, რომ უსამართლობისგან აღშფოთებული მშობლები და მეურვეები სსიპ-ში გამეფებული განუკითხაობის წინააღმდეგ სისტემურ, მამხილებელ ღონისძიებებს გეგმავენ.
„მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, დროულად მიხედოს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში არსებულ განუკითხაობას და უკანონობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ვამხილოთ ყველა ის უკანონობა, რაც იქ ხდება, თუნდაც იმიტომ, რომ სხვების შვილები გადავარჩინოთ.
ბატონო მიხეილ, დამერწმუნეთ, თუ რეაგირება დროული არ იქნება, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ძალიან ცუდად შემოგიბრუნდებათ“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.