GUARDIANGE – გაერთიანებული სამეფოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებული „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
მან თქვა, რომ სულ ახლახან მიიღო მეფის შეთავაზება მომავალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
„ცვლილებები დაუყოვნებლივ იწყება“, – განაცხადა სტარმერმა პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარმოთქმული სიტყვით გამოსვლისას.
მან მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, რიში სუნაკს და აღნიშნა მისი, როგორც ამ ქვეყნის პირველი აზიური წარმოშობის ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის მიღწევები და ასევე მის „ერთგულებასა და თავდაუზოგავ შრომას“ გაუსვა ხაზი.
„ახლა ჩვენმა ქვეყანამ გადამწყვეტი ხმა მისცა ცვლილებას და პოლიტიკის საჯარო სამსახურში დაბრუნებას“, – განაგრძო სტარმერმა.
მან ახალი ეპოქის დაწყება დაანონსა და თქვა: „როდესაც ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და პოლიტიკოსებისაგან მიღებულ მომსახურებას შორის სხვაობა ამხელა ხდება, ეს იწვევს ერის გულში დაღლილობას, იმედის, სულისკვეთების და უკეთესი მომავლის რწმენის გაქრობას“.
სტარმერმა აღნიშნა, რომ ნდობის ნაკლებობა მხოლოდ ქმედებებით შეიძლება განიკურნოს.
„ეს ჭრილობა, ნდობის ნაკლებობა შეიძლება მხოლოდ ქმედებებით განიკურნოს და არა სიტყვებით. მე ეს ვიცი, მაგრამ დღეს შეგვიძლია დავიწყოთ მარტივი აღიარებით, რომ საჯარო სამსახური პრივილეგიაა და თქვენი მთავრობა თითოეულ ადამიანს ქვეყანაში პატივისცემით უნდა მოექცეს და ჩემი მთავრობა მოგემსახურებათ თქვენ, იმის მიუხედავად, მიეცით ხმა „ლეიბორისტებს“ თუ არა“, – თქვა ახალმა პრემიერ-მინისტრმა.
დღეიდან ბრიტანეთს პირველი „ლეიბორისტული“ მთავრობა ეყოლება „ტორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ.
„ლეიბორისტებმა“ პარლამენტში 411 მანდატი მოიპოვეს – მთავრობის ფორმირებისთვის 326 მანდატია საჭირო – „კონსერვატორებმა“ კი 119 ადგილი, რაც „კონსერვატიული პარტიის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
ვადამდელი არჩევნები წარმატებული აღმოჩნდა „ლიბერალ-დემოკრატებისთვის“, რომლებსაც, 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, 63 მანდატით მეტი ექნებათ და დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 71 ადგილს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 210 მანდატით მეტი მიიღო, „კონსერვატიულმა პარტიამ“ კი წინა არჩევნებთან შედარებით, 249 ადგილი დაკარგა.
BBC ვარაუდობს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა მთლიანად დიდ ბრიტანეთში 60% იქნება, რაც მეორე ყველაზე დაბალი აქტივობაა გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში 1885 წლის შემდეგ – 2001 წელს იყო მხოლოდ ნაკლები – 59%.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ