ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპული ბაზრებისთვის გაზზე ფასდაკლება გაავრცელა, რათა ქვეყნები რუსულ ენერგომომარაგებაზე დამოკიდებული დარჩენილიყვნენ.
ეს არის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და დასავლეთს შორის საკვანძო სატრანზიტო შეთანხმების მხარდაჭერას. ექვს თვეში მთავარ მილსადენზე ხელშეკრულების ვადა ამოიწურება, რაც უკრაინაზე გამავალი ისტორიული სავაჭრო დერეფნის ფუნქციონირებას დაასრულებს, მილსადენის მომავალი კი, კიევის ხელშია.
„ფსონები დიდია. უკრაინის სატრანზიტო გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამ ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე, არამედ მთელი ევროპის მომავალ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და, საბოლოოდ, თავად რუსული გაზის ბიზნესის ბედზე“, – წერს არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი აურა საბადუსი.
მას შემდეგ, რაც კრენლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, ევროპელი მყიდველების რუსულ გაზზე მოულოდნელმა უარის თქმამ რუსეთის ბუნებრივი აირის ინდუსტრია დააზარალა. სახელმწიფო გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი გამოაცხადა და შიდა შეფასების თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკარგული გაზის გაყიდვები მინიმუმ ათი წლის განმავლობაში აღდგეს.
მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიულმა ბაზრებმა გარკვეულწილად ხელი შეუწყვეს ვაჭრობის აღდგენას, რუსეთი, როგორც ჩანს, მზად არის ევროპელი მომხმარებლების დასაბრუნებლად, განაცხადა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა 26 ივნისს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული მარშრუტი მთელი ომის განმავლობაში, განაგრძობდა დასავლეთის ბაზრების მომარაგებას, იანვარში კონტრაქტის ვადის ამოწურვა, სავარაუდოდ, საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ „გაზპრომი“ გაკოტრების რისკის წინაშე აღმოჩენილიყო.
ამ მიზეზით, გაზზე ფასების მინიმუმ 10%-იანი შემცირება უკვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების ყურადღებას იქცევს და მყიდველთა ინტერესი ჩნდება. სლოვაკეთი, უნგრეთი და ავსტრია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მიერ რუსული გაზის მომხმარებლებად მოხსენიებულ მაგალითებს შორის არიან.
ფასდაკლება და სხვადასხვა მარშრუტის ხელმისაწვდომობა სასარგებლოა ევროპული ფირმებისთვის, რაც მათ პოტენციურად უფრო დიდ მოგებას სთავაზობს, განმარტა საბადუსმა. ეს შეიძლება საკმარისი იყოს „გაზპრომის“ დაკარგული საბაზრო წილის აღსადგენად.
მისივე თქმით, სამხრეთ ევროპელი მოვაჭრეები უკვე იღებენ მოგებას იაფი რუსული გაზის ყიდვით, რომლის ტრანზიტიც თურქული მილსადენით ხდება და რომელსაც შემდეგ დასავლეთ ევროპის ბაზრებზე ყიდიან.
„ვინაიდან თურქეთის საექსპორტო სიმძლავრე ამჟამად შეზღუდულია, ხოლო უკრაინის გადამცემ სისტემას წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ტრანზიტი შეუძლია, მყიდველები უდავოდ ხედავენ ამ მოდელის ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გამეორების შანსს“, – განაცხადა საბადუსმა.
თავის მხრივ, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისინი არ განაახლებენ კონტრაქტს, თუმცა კიევის ომისგან დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ზეწოლას ახდენს მასზე, რომ ზამთრის წინ, გაზის მიწოდებისკენ უფრო მეტად გადაიხარონ. თუმცა, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ვარაუდით, ეს შეიძლება მოდიოდეს ისეთი მომწოდებლებისგან, როგორიცაა პოლონეთი.
მომზადებულია „ბიზნესკონტინენტის“ მიერ