მინდა, მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, რომ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას გაყალბებაში, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ძალადობაში, იქნება ხელშეუხებელი და გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ., – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„ელექტორალურად ოლიგარქის რეჟიმი არის დამთავრებული, ახლა უნდა ამას გაფორმება. ეჭვს არ იწვევს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ისინი არ აპირებენ ნორმალურად არჩევნების ჩატარებას, ისინი აპირებენ საარჩევნო სისტემის მიტაცებას. ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. მინდა, მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, რომ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას გაყალბებაში, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ძალადობაში, იქნება ხელშეუხებელი და გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ. ეს არ არის სახელმწიფო სექტორის პარტიული თანამდებობები. სახელმწიფო მოხელეებს უნდა გაფრთხილება და არავის არ ემუქრება სამსახურიდან გაგდება, რა თქმა უნდა, თუ რაღაც დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე მათგანი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის აზრით, საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და შეუძლებელია, ასე მაფიოზურად იმართებოდეს ქვეყანა.
„საქართველოში არის დასაბრუნებელი წესრიგი. წესრიგი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მაგრამ წესრიგი არის აღსადგენი, რადგან სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის, პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური სინდიკატი უნდა დაიშალოს, რადგან შეუძლებელია, ქვეყანა იმართოს ასე მაფიოზურად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა:
„თავის დროზე, მე საქართველო გამოვიყვანე სიღარიბიდან და უბედურებიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაბრუნებთ საქართველოში კეთილდღეობას. ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე გადიოდა. ახლა გავიდა ორი მილიონი ადამიანი“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჯერ კიდევ იქნება დიდი პროვოკაციები რუსული რეჟიმის მხრიდან“.
„მე თავის დროზე ვიყავი ევროპული ტრიოს ინიციატორი, მე შევკარი მაშინ ერთად უკრაინა და მოლდოვა, საქართველომ შეკრა და როცა იძახიან, საქართველო იყო ფლაგმანი რეფორმებშიო, რატომღაც ჩუმად არიან, ვინ შექმნა ეს წარმატება, თუ არა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. გეგონება, ჩვენ არ ვარსებობთ და მარტო ვახსენდებით, როცა რაღაც შეცდომები და გადაცდომები ახსენდებათ. ის, რომ ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ორი მთავარი რეფორმატორი, საქართველო გამოვიყვანეთ წარმოუდგენელი ჭაობიდან, სასწრაფოდ ჩაფარცხეს და ამაზე აღარავინ ლაპარაკობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, წინა არის დაძაბული რამდენიმე თვე, თუმცა ეს არის ის თვეები, როცა გადაწყდება, საქართველო დარჩება თუ გაქრება.
„ჩვენ უნდა დავრჩეთ აქ, ჩვენი ქვეყანაა ეს. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადამერჩინა, გავწირე ჩემი სიცოცხლე და ჩამოვედი აქ, გადავდე ჩემი სიცოცხლე ყველანაირ უბედურებაზე და კიდევ ველი უამრავ უსიამოვნებას“, – თქვა სააკაშვილმა.