GUARDIANGE – უპილოტო საფრენი აპარატის კადრები, სადაც ჩანს, როგორ ესვრის რუსი ჯარისკაცი ბრძოლაში დაჭრილ თანამებრძოლს, ხაზს უსვამს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მხეცური კულტურის“ „გულქვა“ ქცევას, აცხადებენ ომის ექსპერტები.
„შენი თანამოძმე ჯარისკაცის განზრახ მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა არაპროფესიონალურია“, – განაცხადეს ვაშინგტონში მდებარე ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტებმა 23 ივნისის შეფასებაში.
ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბევრი შემთხვევაა, რომელიც აჩვენებს „რუსეთის მიერ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის უსულგულო უგულებელყოფას მთელი ომის განმავლობაში, როგორც რუსეთში, ისე ბრძოლის ველზე მყოფ რუსეთის ჯარში“.
სხვა არაერთი სასტიკი მოპყრობის ინციდენტებთან ერთად, ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, თუ როგორ სცემეს დეზერტირი უროთი სიკვდილის პირამდე.
გასული წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო რუსეთის მიერ საკუთარი ძალებისადმი მოპყრობა, როგორც „დასაძრახი“ და „ბარბაროსული“. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის კვლავ „არ აქვს ფასი თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს“.
მსგავსი სასტიკი მოქმედებების კიდევ ერთი მაგალითი გამოქვეყნდა 22 ივნისს Telegram-ზე. მასში რუსი ჯარისკაცი უშუალოდ იარაღიდან ესვრის და კლავს თავის თანამოძმე ჯარისკაცს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად დაიჭრა.
რუსი ჯარისკაცები, რომლებიც თავიანთ თანამებრძოლებს სიცოცხლეს უსწრაფებენ, არც კი ცდილობენ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შეფასებას, დაზიანებების მკურნალობას, სამედიცინო ევაკუაციას, ან თუნდაც მათ იდენტიფიცირებას. ისინი უბრალოდ განაგრძობენ სვლას.
ISW-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რუსულ ძალებში სხვა შემთხვევებიც დაფიქსირდა მკვლელობის ან თანამოძმე ჯარისკაცების, ხშირად უფროსი ოფიცრის განზრახ მკვლელობის ფაქტები. მაგალითად, 2022 წელს, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელების წინააღმდეგ წაგებული ბრძოლის შემდეგ, ტანკით გადაუარეს მეთაურს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ზოგადად, ჯარებში მკვლელობა უკიდურესად ცუდი დისციპლინის, ტაქტიკურ დონეზე მეთაურებსა და მათ ქვედანაყოფებს შორის უთანხმოების, ასევე ადამიანის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფის მანიშნებელია“. მაგრამ მდგომარეობა უფრო სიღრმისეულია.
რუსეთი წარსულში კრიტიკის წინაშე დადგა დაჭრილი ჯარისკაცების ცუდად მოპყრობის გამო და კვლავ არსებობს შეშფოთება. რუსმა სამხედრო ბლოგერებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დნრ-ის პირველი სლავური ბრიგადის დაჭრილი სამხედროები დონეცკში „ციხის მსგავს პირობებში“ სათანადო მკურნალობის გარეშე იმყოფებიან.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ