Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

„ნაციონალური მოძრაობა“ და 5 სხვა ოპოზიციური პარტია სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ გარშემო ერთიანდება

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ხელი მოაწერეს ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას. ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ ერთიანდებიან „ქართული ქარტიის“ და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ამასთან, ეს პარტიები ერთიანდებიან მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტში თავიანთი მიზნების მისაღწევად – „გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქიისა და მის მონობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისგან; დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე“.

„შეშფოთებულნი ვართ რა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ვერთიანდებით „ქართული ქარტიის“ გარშემო და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

ვაცხადებთ, რომ გავერთიანდებით მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტში შემდეგი მიზნების მისაღწევად: გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქიისა და მის მონობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისგან; დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავერთიანდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში. ამას გავაკეთებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ყველა მოქალაქესთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ და იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს.

იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში, ხელს ვაწერთ ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ.

ხელმომწერები ვთანხმდებით: გავაძლიეროთ ძალისხმევა მოახლოებულ არჩევნებამდე იმისათვის, რომ არ დაიკარგოს არცერთი საარჩევნო ხმა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა არ წარმოადგენდეს პრობლემას; არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე მოვნახოთ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ჩვენი ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში; ეთიკური ფარგლების დაცვით გავაგრძელოთ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვა და მოვერიდოთ ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ; ერთიანი ძალისხმევით დავუპირისპირდეთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას; შევთანხმდეთ ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ, „ქართულ ქარტიაში“ მოცემული პუნქტების შესასრულებლად; ავიღოთ ვალდებულება, რომ ახალ პარლამენტში არ მივცეთ ხმა ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც „ქართული ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას; საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს; სტრატეგიული პოლიტიკური მიზნებისა და საქმიანობის გარშემო გავერთიანდეთ საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან დემოკრატიის დასაცავად და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად; მოვუწოდოთ და მობილიზება გავუკეთოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ვთხოვოთ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა; შევთანხმდეთ ძალისხმევის გაერთიანებაზე, რათა დავიცვათ ყველა საარჩევნო ხმა და ხელი შევუშალოთ არჩევნების გაყალბებას; ვთხოვოთ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ; მოვუწოდოთ OSCE/ODIHR-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და სხვა უწყებებს, უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება.

დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები