Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

რუს ჯარისკაცს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში 7 თანამებრძოლი მოკლა, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

GUARDIANGE – რუს ჯარისკაცს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც შვიდი სამხედრო პირი ხელყუმბარით მოკლა, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი.

The Moscow Times-ისა და Novaya Gazeta Europe-ის ცნობით, რუსეთის არმიის ყოფილმა უმცროსმა სერჟანტმა დიმიტრი ლობოვიკოვმა 2023 წლის იანვარში ხელყუმბარა ისროლა ბელგოროდის ყაზარმის ერთ-ერთ ოთახში, სადაც მის თანამებრძოლებს ეძინათ, შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 16 ჯარისკაცი.

ლობოვიკოვი დასავლეთის მე-2 რაიონული სამხედრო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

სასამართლოს წარმომადგენელმა, ირინა ჟირნოვამ TASS-ს განუცხადა, რომ ლობოვიკოვს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დაჯარიმდა 70 000 რუბლით (დაახლოებით 788 აშშ დოლარით) და ასევე, სამხედრო წოდება ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

ინციდენტის მიზეზებზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ლობოვიკოვმა თქვა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც შეიძლება მიეწეროს „სისულელესა და ალკოჰოლს“.

გარდა ამისა, ლობოვიკოვის ადვოკატებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მან გონება დაკარგა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემდეგ, რის გამოც ხელყუმბარა ხელიდან გაუვარდა, – წერს Novaya Gazeta Europe.

თუმცა, კომერსანტის ანგარიშში, რომელსაც Newsweek-ი ციტირებს, ნათქვამია, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ლობოვიკოვმა ყუმბარას თავი მოხსნა და გაბრაზდა ერთ-ერთი ჯარისკაცის გამო, რომელმაც არ იცოდა, თუ როგორ უნდა დაებრუნებინა ის პირვანდელ მდგომარეობაში.

RBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად კი, რომელსაც Novaya Gazeta Europe ციტირებს, ინციდენტამდე ლობოვიკოვმა სცადა იმავე ჯარისკაცების გაკიცხვა ცუდი ქცევისათვის.

ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობისა და მრავალი პირის მკვლელობის, ასევე, აფეთქების შედეგად ქონების განზრახ განადგურებისთვის, იუწყება TASS-ი.

„ნოვაია გაზეტა ევროპის“ ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა აღნიშნეს, რომ ლობოვიკოვი „შეწყალებას იმსახურებდა“.

ლობოვიკოვის განაჩენი რუსეთის არმიაში დაბალი მორალის და მაღალი კრიმინალური მაჩვენებლის ფონზეა გამოტანილი. რუსეთის უზენაესი სასამართლოს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წელს ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები 116 მკვლელობისთვის გასამართლდნენ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ძალადობის მიმართ მგრძნობელობის შემცირება, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების შედეგად შეიძლება უფრო გამძაფრდეს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები