GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიანი წუხს, რომ დიდი მოცულობის, ორსართულიან სკოლაში, რომელიც ადრე ხუთი სოფლის – კოჩიოს, აგანას, ბეჟანოს, მოდეგამის და თავად ალათუმანის მოსწავლეებს აერთიანებდა და სადაც ათწლეულების წინათ 400-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, ამჟამად მხოლოდ 53 მოსწავლე ირიცხება.
„უნდა ითქვას, რომ 2010 წლამდე 86 მოსწავლე სწავლობდა ჩვენს სკოლაში. წელს ოთხმა მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა სკოლა და ასევე, 4 პირველკასელი დარეგისტრირდა. ასე რომ, ბალანსი შენარჩუნებულია და 2024-2025 სასწავლო წელსაც მოსწავლეთა იგივე რაოდენობა გვეყოლება, რაც წელს – სულ 53 მოსწავლე. მინდა გითხრათ, რომ თუ გავითვალისწინებთ მიგრაციის მაღალ დონეს, არც ისე ცუდი მაჩვენებელია. რადგან იყო უფრო საგანგაშო პერიოდიც, როდესაც 9-10 წლის წინ მოსწავლეთა რაოდენობა 39-ამდეც კი შეგვიმცირდა“, – უთხრა GUARDIANGE-ის პეტროს ტონოიანმა.
დირექტორის განცხადებით, 1978 წელს აშენებული სკოლა უკვე კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, რისი სახსრებიც არ გააჩნიათ და აქედან გამომდინარე მხოლოდ სპორტული დარბაზის რეაბილიტაციით შემოიფარგლებიან.
„ამ ეტაპზე, სკოლის პირველი სართული მთლიანად გამოსულია მწყობრიდან, გამოუყენებელია, რადგან საკლასო ოთახებს იატაკი არ აქვს – ფიზიკის, ქიმიის დიდი ზომის კაბინეტები დაკეტილია და სწავლა მეორე სართულზე მიმდინარეობს.
„უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის სპორტული დარბაზი გადაუდებლად საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. პროექტი უკვე შევადგინეთ, ხარჯთაღრიცხვა გადაგზავნალია განათლების სამინისტროში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნაც მივიღეთ და ალბათ, უახლოეს პერიოდში ტენდერსაც გამოვაცხადებთ, სავარაუდო ღირებულებით – 65 000 ლარით.
„ამჟამად, სპორტის გაკვეთილები მოუწესრიგებელ სპორტდარბაზში ტარდება, გასულ წლებში ძლიერმა ქარმა სახურავიც დააზიანა, რაც შევაკეთეთ, ახლა წყალი არ ჩამოდის, მაგრამ ასეთი მდგომარეობით, ბუნებრივია, ვერ გავაგრძელებდით ფიზკულტურის გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარებას და სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად ამ პრობლემის მოგვარება დავისახეთ მიზნად.
„ვიმედოვნებ, რომ ახალ სასწავლო წელს ბავშვებს გარემონტებული სპორტული დარბაზი ექნებათ“, – განუცხადა GUARDIANGE-ის პეტროს ტონოიანმა და დაამატა, რომ სკოლის სრული კაპიტალური რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები მათ არ გააჩნიათ და სახელმწიფოს იმედად რჩებიან.
„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფომ საქართველოს 800-ზე მეტი საჯარო სკოლის ეტაპობრივი რეაბილიტაციის შესახებ გამოაცხადა. განათლების მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმაც არაერთხელ თქვა ამის თაობაზე. იმედი მაქვს, რომ ალათუმანის საჯარო სკოლაც მოხვდება ამ სიაში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, რამდენიმე ახლო მომავალში უნდა დაიწყოს. არ ვიცი, ჩვენი სკოლის ჯერი როდის დადგება“, – აღნიშნა პეტროს ტონოიანმა.
მისი ინფორმაციით, 2014 წელს, როდესაც დირექტორი გახდა, ალათუმანის საჯარო სკოლა სავალალო მდგომარეობაში იყო და მას შემდეგ გარკვეული სამუშაოები ჩატარდა.
„ამ სკოლაში მუშაობა 2010 წელს, მათემატიკის მასწავლებლად დავიწყე, თავად მეც ეს სკოლა მაქვს დამთავრებული 2003 წელს, რის შემდეგაც უმაღლესი განათლება ერევანში მივიღე, კიბერნეტიკის ფაკულტეტი დავასრულე. მასწავლებლობა არასდროს მიფიქრია, მით უფრო სკოლის დირექტორობა, მაგრამ მოხდა ისე, რომ საქართველოში, მშობლიურ სოფელში დაბრუნების შემდეგ, სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსია იყო თავისუფალი და გადავწყვიტე ამ მიმართულებით მეცადა ბედი, ასე შევუდექი ამ საპატიო პროფესიის მიმართულებით საქმიანობას, 2012 წელს დირექტორის მოადგილე გავხდი, 2014 წელს კი, დირექტორი და მაშინვე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შემექმნა ნორმალური სასწავლო გარემო.
„დღემდე რაც შევძელით, ესაა კარ-ფანჯრების ნაწილობრივი გამოცვლა, დერეფნისა და საკლასო ოთახების კოსმეტიკური რემონტი და სხვა მცირე რაღაცები, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მინდა სოფელს თანამედროვე სკოლა ჰქონდეს. ამ სკოლას არაერთი ნიჭიერი ბავშვი აღუზრდია, ზოგიერთი მათგანი, ვინც ერევანში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები, იქვე დარჩნენ და დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ, მათ შორის სომხეთის განათლების სამინისტროშიც.
„ამჟამად, შეიძლება ითქვას, 2014 წლიდან, სულ უფრო მოიმატა იმ კურსდამთავრებულების რაოდენობამ, რომლებიც უკვე ერევნის ნაცვლად თბილისში ან ახალციხეში, ანდა უკვე ახალქალაქში ამთავრებენ უმაღლესებს და საქართველოში განაგრძობენ საქმიანობას. მე ვწუხვარ, რომ ჩემს დროს სკოლაში ქართული არ ისწავლებოდა და მხოლოდ 2014 წლიდან მომიწია სახელმწიფო ენის შესწავლა. ძალიან დამეხმარა ჩვენი სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ქალბატონი დალი ბოლქვაძე, არა მარტო მე, არამედ მთელ სკოლას – მოსწავლეებს, მასწავლებლებს.
„აღსანიშნავია, რომ მისი დიდი შრომის შედეგად ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგმა შეძლო ქართულ ენაში სხვადასხვა საფეხურის სერტიფიკატის მოპოვება.
„ქალბატონი დალის დამსახურებით, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას საქართველოს უნივერსიტეტბში – ჯავახიშვილში, ილიას სახელობის უნივერსიტეტში, სხვაგან…
„მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. ჩვენს რეგიონში, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, მაგრამ დიდი იმედის მომცემია ის, რომ უკვე ახალგაზრდა თაობის დიდმა ნაწილმა იცის ქართული ენა, მოსწავლეებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი სახელმწიფო ენის შესასწავლად“ – განაცხადა პეტროს ტონოიანმა.
იგი, დღევანდელი გადმოსახედიდან, სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავისი საქმიანობის სკოლაში დაწყებას და არანაიარად არ ნანობს 14 წლის წინ გადადგმულ ნაბიჯს.
„რაც შეეხება მასწავლებლის პროფესიას და ზოგადად, განათლების სფეროს, ეს უკვე ჩემი გახდა და თავს ბედნიერად ვგრძნობ აქ. თუმცა გული მტკივა იმაზე, რომ ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობის გამო, ჩემს გეგმებს სრულფასოვნად ვერ ვახორციელებ.
„სკოლის გადაუდებელ საჭიროებებზე უკვე ზემოთ მოგახსენეთ და აღარ დავუბრუნდები. ასევე, გული მტკივა იმაზეც, რომ მოსწავლეთა რაოდენობა კლებისკენ მიდის. როდესაც მე დავამთავრე სკოლა, მაშინ ჯერ კიდევ 87 მოსწავლე ირიცხებოდა ალათუმანის საჯარო სკოლაში. ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, მიხარია ის, რომ ჩემი და ცოტა შემდგომი თაობისაგან განსხვავებით, უკვე ახალქალაქის სომხურენოვანი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი ფლობს ქართულ ენას“, – უთხრა GUARDIANGE-ის პეტროს ტონოიანმა.
იმის გასარკვევად, თუ როგორი სურათია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის სომხურენოვან საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ, GUARDIANGE ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვან მასწავლებელს, ქალბატონ დალი ბოლქვაძეს გაესაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 2014 წელს, როდესაც მან ამ სკოლაში პირველად შედგა ფეხი და დაიწყო მუშაობა, სავალალო მდგომარეობა იყო, მაგრამ 10 წლის თავზე უკვე მდგომარეობა ძირფესვიანად არის შეცვლილი.
„პირველად რომ მოვედი ამ სოფელში, მართალია, ხალხი ძალიან კარგად შემხვდა, პედკოლექტივიც, მაგრამ საოცარი შეგრძნება მქონდა, მე მათი არ მესმოდა, მათ ჩემი, რადგან არავინ არ იცოდა ქართული, მე კი სომხური არ ვიცოდი. პირველი 2 თვე უკან დაბრუნებასაც კი ვაპირებდი, იმდენად გამიჭირდა. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, გაოგნებული ვიყავი…
„მანამდე ქართულ სკოლაში ვასწავლიდი, პირველად კახეთში, ყვარლის რაიონში დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა, შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანში განვაგრძე – ისეთ გარემოში კი, სადაც ქართული არავინ იცოდა, პირველად აქ მოვხვდი.
„მინდა გითხრათ, რომ არაქართულენოვან სკოლაში სწავლება ძალიან რთული აღმოჩნდა… ყველაფერი ადაპტირებული უნდა შემექმნა, გამემარტივებინა. თავდაპირველად, რაგინდ მარტივი მასალაც არ უნდა მიმეცა ბავშვებისთვის, ჩემი წარმოდგენით მარტივი, რა თქმა უნდა, მაინც ვერაფერს ვერ იგებდნენ.
„დროთა განმავლობაში კი, ავუღე ალღო, ბავშვებმაც ნდობა გამომიცხადეს, შემიყვარეს. ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა, ვასწავლე ქართული არა მარტო მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებს… ჩემმა ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებმაც კი იმ დონეზე იციან ქართული, რომ ესმით რაზე ელაპარაკები და გამოაქვთ აზრი. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ქართულადაც ლაპარაკობს, კომუნიკაცია შეუძლიათ.
„არაერთი ჩემი მოსწავლე სწავლობს ქართულ უნივერსიტეტებში. დღეს უკვე იშვიათად მიდიან ერევანში სასწავლებლად. სურათი ძალიან არის შეცვლილი, აზროვნებაც კი შეიცვალა, მანამდე სულ სხვანაირად რომ აღიქვამდნენ რაღაც საკითხებს, ახლა უკვე სხვა თვალით უყურებენ. ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ ქართული კულტურა, მუსიკა, ცეკვა. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ქართულ ენაზე გამოდიან კონფერენციებზე, მონაწილეობენ ოლიმპიადებში. ერთი სიტყვით, ვგრძნობ, რომ აბსოლუტურად სხვანაირი გარემოა, ვიდრე იყო 10 წლის წინ…“ – უთხრა GUARDIANGE-ის დალი ბოლქვაძემ. (შენიშვნა: აღნიშნულ თემაზე GUARDIANGE უფრო ვრცელ მასალას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ).
GUARDIANGE-ის სტატიის ფოტოები სრულად იხილეთ დაბლა: