ქალაქ ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან ერთად, ნინოწმინდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – დიდ ხანჩალში, კათნატუსა და ოროჯოლარში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სამუშაოების 82% უკვე შესრულებულია. დასრულებულია რამდენიმე სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის სამშენებლო და ტექნოლოგიური სამუშაოები, ასევე ეშტია–ნინოწმინდის 11-კილომეტრიანი წყალმომარაგების მაგისტრალის მოწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენებისა და წყალგამანაწილებელი ქსელების მოწყობა, წყლის აღრიცხვის სისტემის გამართვა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 6 900 ბენეფიციარი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 40.2 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები