სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს.
პატრიარქის მისალოცი წერილი ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წაიკითხა.
როგორც პატრიარქი მილოცვაში აღნიშნავს, ვეტერანებს განსაცდელის ჟამს თავი არ დაუზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეს.
„ძვირფასო ვეტერანებო, პატივისცემით მოგესალმებით და გულითადად გილოცავთ ვეტერანთა დღეს! საქართველოს ისტორიამ სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. რწმენითა და მამულის ერთგულებით განმტკიცებული ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას, მშვიდობას. თქვენი ღვაწლიც ამ ღირსეული ისტორიის განუყოფელი ნაწილია. განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას.
სამწუხაროდ, ბევრი თქვენი თანამებრძოლი გამოაკლდა ამ წუთისოფელს. შევთხოვთ უფალს, მართალთა სავანეში დააწესოს მათი სულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგმადლოთ თვისი მადლი და წყალობა თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია შიო მესამის მილოცვაში.

