საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება გამოჩენილი ქართველი ეთნოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამილა ცაგარეიშვილის გარდაცვალებას.
„თამილა ცაგარეიშვილის გარდაცვალებით ქართულმა მეცნიერებამ დაკარგა გამორჩეული მკვლევარი, პედაგოგი და ქართული ეთნოკულტურული მემკვიდრეობის ერთგული დამცველი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა მნიშვნელოვანი წვლილია ქართული ეთნოლოგიისა და ეთნოეკოლოგიის განვითარებაში.
თამილა ცაგარეიშვილი დაიბადა 1940 წლის 23 მარტს თბილისში. 1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1970–2006 წლებში მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1988 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2000 წლიდან იყო პროფესორი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გიორგი ჩიტაიას სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიულ კაბინეტ-არქივს, აგრეთვე დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამეცნიერო მიმართულებას. მოგვიანებით მისი საქმიანობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც დაუკავშირდა.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა საქართველოს ტრადიციული სამეურნეო ყოფის, ეთნოკულტურული მემკვიდრეობისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობის კვლევას. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მესაქონლეობა საქართველოში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა)“, ხოლო 2000 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტყეთსარგებლობის ეთნოეკოლოგიური კულტურა საქართველოში“. გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რვა მონოგრაფია. აღსანიშნავია მისი წიგნები „მესაქონლეობის ისტორიისათვის საქართველოში“, „ფერეიდნელები საქართველოში“, „ტრადიციული კულტურა და ეკოსისტემები“ და „ქართველები: ეთნოკულტურული მემკვიდრეობა“. 2004 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.
განსაკუთრებული ადგილი თამილა ცაგარეიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში ეკავა აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. იგი იყო დიდი მეცნიერის მოწაფე და ერთგული თანამოაზრე. მისი ძალისხმევით მოწესრიგდა და გამოიცა გიორგი ჩიტაიას მნიშვნელოვანი ნაშრომები. თამილა ცაგარეიშვილი გახლდათ 1997–2004 და 2024 წლებში გამოცემული აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას შრომების ხუთტომეულის შემდგენელი და რედაქტორი. ამ გამოცემამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ეთნოგრაფიული მეცნიერების მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. მისი ინიციატივითა და მონაწილეობით მუზეუმში მოეწყო გიორგი ჩიტაიას სამუშაო კაბინეტის ექსპოზიციაც.
თამილა ცაგარეიშვილის სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საველე კვლევები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც იგი სწავლობდა მოსახლეობის ყოფას, ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას. იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნოლოგთა არაერთი თაობა აღზარდა.
თამილა ცაგარეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-სარედაქციო საქმიანობაში და იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის წევრი. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობისადმი ერთგულებითა და მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ თამილა ცაგარეიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოწაფეებს.
თამილა ცაგარეიშვილის სახელი, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა და ქართული მეცნიერების წინაშე გაწეული ღვაწლი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ინტელექტუალურ ისტორიაში“, – ნათქვამია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებაში.

