„„ნიუ-იორკ პოსტის“ დღევანდელი ინფორმაციით, რუსული დიზელის პირველი პარტია ამერიკაში შევა დაახლოებით ორ კვირაში, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე.
რატომ არ ყიდის ამერიკა მის მიერ წარმოებულ საექსპორტო დიზელს ადგილზე?
ამერიკის შეერთებული შტატები წელიწადში 200 მილიონ ტონაზე მეტ დიზელს აწარმოებს და აქედან თითქმის ერთი მესამედი, 60 მილიონი ტონა ექსპორტზე გააქვს. ლოგიკური კითხვა ჩნდება: თუ ქვეყანას საწვავის შიდა ფასების დარეგულირება სურს, რატომ არ ტოვებს ამ 60 მილიონ ტონას შინ, ექსპორტზე გატანის სანაცვლოდ?
ამის უკან რამდენიმე ფუნდამენტური ეკონომიკური, გეოგრაფიული და სამართლებრივი მიზეზი დგას:
1.გეოგრაფია და შიდა ლოგისტიკური “ბოთლის ყელი”.
ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია მექსიკის ყურის სანაპიროზე (ტეხასი, ლუიზიანა).
ტეხასში წარმოებული ჭარბი დიზელის საზღვაო ტანკერებით გაგზავნა ლათინურ ამერიკაში ან ევროპაში ბევრად იაფი და სწრაფია, ვიდრე მისი შიდა ტრანსპორტირება აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ან დასავლეთ შტატებში.
შიდა მილსადენები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ და ფიზიკურად ვერ ატარებენ დამატებით მილიონობით ტონა საწვავს.
2.„ჯონსის აქტი”.
დღემდე მოქმედი ეს დრაკონული კანონი აშშ-ში 1920 წელს იქნა მიღებული. იგი კრძალავს ამერიკულ პორტებს შორის ტვირთის გადაზიდვას უცხოური გემებით. ტვირთი აუცილებლად ამერიკაში აგებული, ამერიკის დროშის ქვეშ მცურავი და ამერიკული ეკიპაჟით დაკომპლექტებული ტანკერით უნდა გადაიზიდოს. ასეთი ტანკერების რაოდენობა ძალიან მცირეა, ხოლო მათი დაქირავება 3-ჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე საერთაშორისო უცხოური გემების. შედეგად, ტეხასელ მწარმოებელს ურჩევნია დიზელი იაფად გაგზავნოს უცხოური ტანკერით საზღვარგარეთ, ვიდრე კოლოსალური ტრანსპორტირების ხარჯით გააგზავნოს ნიუ-იორკში ან კალიფორნიაში.
3.თავისუფალი ბაზარი და კერძო ბიზნესი.
აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კერძო კორპორაციების საკუთრებაშია და არა სახელმწიფოს ხელში. თუ საერთაშორისო ბაზარზე დიზელზე მაღალი მოთხოვნაა, კერძო კომპანია საწვავს იქ ყიდის, სადაც მაქსიმალურ მოგებას ნახავს.
ამერიკა რუსეთი არაა, სადაც ხელისუფლებას შეუძლია კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებს იძულებით უბრძანოს, სად გაყიდონ პროდუქცია, რა ფასად, ან საერთოდ აუკრძალოს ექსპორტი. ტრამპი ვერაფერს უბრძანებს ამერიკულ ნავთობკომპანიებს-თავისუფალ ბაზარზე ფასს და მიწოდების გეოგრაფიას მოთხოვნა-მიწოდება წყვეტს და არა პრეზიდენტის დირექტივა.
4.ტექნოლოგიური აუცილებლობა.
ქარხანა ვერ აწარმოებს მხოლოდ ბენზინს ან მხოლოდ დიზელს-ნავთობის გადამუშავებისას დიზელი ავტომატურად იწარმოება თანმდევ პროდუქტად.
თუ ამერიკა ჭარბ დიზელს ექსპორტზე არ გაიტანს, ქარხნების საცავები გაივსება, რაც აიძულებს მათ, შეამცირონ ნავთობის გადამუშავება. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ბენზინისა და სხვა საწვავის დეფიციტს და ფასების კიდევ უფრო გაზრდას შიდა ბაზარზე.
რომ შევაჯამოთ, ამერიკას აქვს ჭარბი დიზელი, თუმცა მისი შიდა ბაზარზე გადანაწილება ლოგისტიკური ბარიერებისა და „ჯონსის აქტის“ გამო იმდენად ძვირი ჯდება, რომ საწვავის საზღვარგარეთ გაყიდვა და სხვა რეგიონებიდან იმპორტის მიღება ეკონომიკურად ბევრად მომგებიანია.
მოახდენს თუ არა რუსული დიზელი ფასებზე გავლენას მსოფლიო თუ ამერიკის ბაზარზე? იმდენად უმნიშვნელოდ, რომ არც კი ღირდა იმ უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანად, რაც ტრამპს (ამერიკას) მოუვიდა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში არჩევნებამდე მხოლოდ ფასების დაგდება არც ყოფილა მიზანი“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

