მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა გიორგი დავითაძის ადვოკატმა და აცნობა, რომ პატიმარი იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. იმავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და გამოკითხა მსჯავრდებული.
„პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა.
სახალხო დამცველის აპარატმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმრის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით, მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი დღემდე, სისტემატურად ახდენს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს და მოუწოდებს პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მასშია აღნიშნული, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ამასთან, განცხადების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი დავითაძეს სსკ-ის 19,109-„ბ“ მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, რითაც საფრთხე შეექმნა სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

