ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდა – პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ქონების გადასახადისგან 81 ათასი ოჯახი გათავისუფლდება.

დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

აღნიშნული ცვლილება იმ ქონების გადასახადზე გავრცელდება, რომლის დეკლარირება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები