კახეთში 4-ზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის 158.5 მლნ ევროს სასესხო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

„პროექტის მიზანია, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (ლოტი 4 – 21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (ლოტი 5 – 9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა.

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისათვის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა და მის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო.

საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.

პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები