თამაზ ელიზბარაშვილი: მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო

„მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. ჩემი მე-11 შვილი ჩვილი ბალღია და ძუძუს ჭამა უწევდა. სწრაფად ვივახშმეთ. ხელებს ვიბანდი, სანამ წავიდოდით და ამ დროს მოდის ახალგაზრდა მამაკაცი. ვინ ხართ-მეთქი და ტელეიმედის თანამშრომლები ვართო. გვახსოვს შენი პოზიცია, ხშირად გვაგინებო და ბოდიში მოიხადეო.

მეუღლე მელოდება, ვიცი 12-ზე ძუძუ უნდა აჭამოს ბავშვს. გამიშვით ახლა, ბოდიშს ვერ მოგიხდით, არ გიცნობთ-მეთქი. დავინახე, რომ ჩემი მეუღლე ჩამოვიდა. არ მინდოდა, დაენახა და მოესმინა, როგორ მაგინებდნენ. თან მინდოდა მიმეცა საშუალება, რომ ასულიყო ზემოთ და იქ ეთქვა თანამშრომლებისთვის, რომ გამოეძახებინათ პოლიცია ან დაცვის სამსახური. ავიდა ჩემი მეუღლე და ჩამოვიდა რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად.

შვიდი კაციდან ერთ-ერთს ველაპარაკები, გაიყვანეთ ეს აგრესიული-მეთქი. რაღაცაც ისროლა ჩემკენ. ძალიან ნასვამებიც არ იყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ მთვრალები იყვნენ. ორი იყო გამორჩეულად აგრესიული. დანარჩენები მეუბნებოდნენ, ბოდიში მოიხადე, თორემ აქედან ვერ გახვალო. შენი პოზიცია უნდა შეიცვალოო, არ მოგვწონსო, ბოდიში მოიხადე და წადიო.

ვუთხარი, შვილებს გეფიცებით, ბავშვს ძუძუ უნდა აჭამოს ჩემმა მეუღლემ და დავბრუნდები-მეთქი. შაკო მემუქრებოდა, სადაც გნახავ, ასე და ისე ვიზამო. დავბრუნდი იმიტომ, რომ ეს კონფლიქტი ამომეწურა. სულ ბავშვებთან ერთად დავდივარ. 64 წლის კაცს მე ლაპარაკი არ მეშლება. დავამშვიდე ჩემი მეუღლე და დავბრუნდი რესტორანში.

წნევა მაღალი მქონდა, ნერვიულობის ფონზე კიდევ მიწევს ხოლმე, წამალი დავლიე. [რესტორანში] რომ ჩავედი, არავინ დამხვდა. გულზე მეჭირა ხელი, რადგან ცუდად ვიყავი. ვეუბნები დაცვის თანამშრომელს, მელოდებიან ეს ბიჭები-მეთქი. დაკეტილია რესტორანიო, არავინააო. წავედი მანქანისკენ.

მეორე დღეს დავწერე პოსტი, ბოდიში უნდა მომიხადოთ-მეთქი. ჩავუჯექი „იმედის“ საიტს, რომ მენახა ამ ხალხის გვარ-სახელები, რომ მეთქი, ვნახავ, შევხვდები მერე და ამოვწურავ ამ კონფლიქტს. თუ ჩემი იქ მისვლით, იმ 7 ახალგაზრდა კაცს ჩემი, ერთი კაცის დანახვის შეეშინდა, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს. ჩხუბი რომ მნდომებოდა, მარტო ჩავიდოდი? ეს არის სრული სიმართლე!“, – აცხადებს პატიმრობაში  მყოფი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება 3 სექტემბერს წარუდგინა.

როგორც პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით. მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.

„დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია.

31 აგვისტოს, თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები