საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის 2026 წლის ანგარიში და 2027 წლის გეგმები მოისმინეს.
პრეზენტაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა წარადგინა. ყურადღება სატყეო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა. სატყეო რეფორმის, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით, 2026 წელს დაიწყო, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა. უკანონო ჭრების პრევენციისა და ტყის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 1.7 მილიონზე მეტი ჰექტარი 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცათ. ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ შორის 401 ტყის მცველი. შედეგად, ერთ ტყის მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან საშუალოდ 2 000 ჰექტრამდე შემცირდა, ხოლო ტყის მცველთა ხელფასი მიმდინარე წლის იანვრიდან გაორმაგდა. ტყის დაცვისა და მონიტორინგის თანამედროვე მოდელის ფარგლებში, მონიტორინგი სრულად გაციფრულდა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოიყენება პლანშეტები, სამხრე კამერები, რაციები და ფოტოხაფანგები, რაც ტყის ფიზიკური დაცვისა და კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.
ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინსტიტუციური გაძლიერებს, ფარგლებში აშენდა სატყეო სამსახურის 2 ახალი ოფისი, რეაბილიტირებულია 9 ოფისი. ასევე, მოეწყო 68 საქმიანი ეზო. შეძენილია 110 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო სამუშაოებისთვის და 215 მაღალი გამავლობის ავტომანქანა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა კანონმდებლებს სააგენტოს მიერ 2027 წელს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტისთვის ეკოტურიზმის განვითარების გეგმებია მომზადებული და იდენტიფიცირებულია 40 საინვესტიციო ობიექტი. ბესიკ ამირანაშვილმა ყურადღება ტყის აღდგენის გრეძელვადიან პერსპექტივაზეც გაამახვილა. ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები – ათწლიანი სტრატეგიით ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები, სულ 51 000 ჰა ფართობზე იქნება განხორციელებული. ასევე, ხაზგასასმელია, რომ 2027 წელს შეიქმნება ძირითადი და დროებითი სანერგეები, რაც ტყის აღდგენის მასშტაბური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი მიზანი ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადებაა. 2014-2026 წლებში ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 59 %-ზე, ხოლო, 2027-2028 წლებში ინფორმაცია სრულად იქნება განახლებული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 100 %-სთვის.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

