„მინდა აგიხსნათ თუ რა სიტუაციაშია დღეს ახლად გამოჩეკილი პროვინციული დიქტატორი და რის გაკეთებას ცდილობს. ერთის მხრივ მას თავში აქვს ავარდნილი რუსეთიდან შემოსული ფული და ფიქრობს, რომ მოკლევადიანი საფრთხე არ აქვს, მაგრამ ამავე დროს ესმის, რომ ეს შემოდინება მალე დამთავრდება და გეოპოლიტიკური ვითარება მისთვის კარგს არაფერს მოასწავებს, ამიტომ მისი ტაქტიკა არის ერთადერთი – დროის მოგება, კიდევ მეტი დროის მოგება და ასე მოკლე გადარბენებით საკუთარი ტყავის და რეჟიმის გადარჩენა და ჩაბეტონება, მოკლედ ამის ამსახველი რუსული სიტყვა არსებობს “Пропетлять”.
ამ ეტაპზე მას ყველაზე მეტად ეშინია ევროპული სანქციების, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების იმიტომ, რომ იცის რომ ეს ყველაზე მეტად დააზარალებს მას ფინანსურად და გამოიწვევს რყევებს ქვეყანაში. ამიტომ რეჟიმი საჯაროდ კი ლანძღავს ევროპას, მაგრამ მუდმივად უთვლის ევროკომისიას და ცალკეულ ქვეყნებს, რომ მზადაა დიალოგისთვის.
მას ასევე ეშინია ამერიკის გადაკიდების და ასევე ეთამაშება ამერიკას, მაგრამ რუბიოს შეთვლილ არცერთ მოთხოვნას არ ასრულებს. ქვეყნის შიგნით მან მორიგ ჯერზე გაურკვეველი ვადით გადადო პოლიტიკური ლიდერების პროცესი, პარტიების აკრძალვა დაკიდა მოლოდინის რეჟიმში.
ამავე დროს ივანიშვილი აგზავნის სიგნალებს დასავლეთთან. აშანტაჟებს მათ, რომ ის აქტიურად ესაუბრება რუსეთს ანტიდასავლური ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე და რეალობაშიც ამზადებს ამ ახალ „ტრაქტატს“. ახლა ივანიშვილს სჭირდება მიაღწიოს როგორმე საფრანგეთის 2027 წლის არჩევნებამდე, სადაც იმედი აქვს ლეპენის გამარჯვების და ასევე ელოდება გერმანიაში პრო-რუსული ძალის მოსვლას. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა აკეთებს რუსების მონაყოლით და გამხნევებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიდან მოსულ ყველა შეკვეთას ასრულებს, იმ საკითხში რაც ეხება სანქციების გვერდის ავლას და პრო-რუსულ რიტორიკას. რუსეთთანაც მაქსიმალურად ცდილობს გაწელოს ხელშეკრულებაზე მუშობა ქართველების რეაქციის შიშით, თუმცა აქ კრემლი დიდი მანევრის შესაძლებლობას არ უტოვებს, ვინაიდან ივანიშვილი თავისი არსით რუსია, ეკონომიკურად მთლიანად მიება რუსებს და პუტინის ფიზიკურად ეშინია. ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ უახლოეს თვეებში ბოლოსდაბოლოს რუსეთის მოთხოვნილ კატასტროფულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
ყველაფერთან ერთად, ღარიბაშვილის ბუნტი იწვევს სერიოზულ რყევებს ივანიშვილის გარემოცვაში, მისი უძლეველობის მითი დაამსხვრია სრულმა არარაობამ, ღარიბაშვილმა.
ამავე დროს მინდა ვთქვა ქართულ საზოგადოებაზე. ჩვენი დეპრესია მხოლოდ ახანგრძლივებს რეჟიმის არსებობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი რეჟიმები როგორც არის პუტინის დიქტატურა და მისი კარიკატურული ასლი ივანიშვილის პროვინციული დიქტატურა, თავიდან ნელა და შემდეგ აუცილებლად და მთლიანად ჩამოიშლებიან ხოლმე.
ის რომ რუსეთი ბოლო დროს ღიად გადავიდა სუფთად ტერორისტულ ტაქტიკაზე უკრაინაში ნიშნავს, რომ პუტინი საბოლოოდ მიხვდა, რომ ფრონტზე ვერ იმარჯვებს, მაგრამ სავაჭრო ცენტრის დაბომბვა და ხალხის ხოცვა მხოლოდ გააძლიერებს უკრაინელების წინააღმდეგობას და დააჩქარებს პუტინის კრახს. ხოდა, როცა ამხელა გემი, რუსეთი, ჩაძირვისთვისაა განწირული, ივანიშვილის დიქტატურის პატარა ნავი უშანსოდაა და აუცილებლად ჩაჰყვება იმ მორევს, რომელიც მოჰყვება რუსეთის ამოყირავებას და ფსკერისკენ სვლას. ასე რომ, პუტინს და ივანიშვილს კარგი თამაში საერთოდ არ რჩება, ყველა შემთხვევაში ცუდად დაამთავრებენ.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ და ხელი არ გავანძრიოთ. შესაძლებლობების ფანჯარა აუცილებლად გაიღება, მაგრამ მისი გამოსაყენებლად ყოველ წუთს უნდა ვემზადოთ და სიტუაცია ვამზადოთ. პირადად მე ვაპირებ საქართველოში ყოფნას მანამ, სანამ ჩვენი ქვეყანას უსაფრთხო გარემოს არ მოიპოვებს, სწრაფ განვითარებას, არ დაუბრუნდება თავისუფლების და დემოკრატიის პირობებში.
ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ კონტროლს აფხაზეთზე და რა თქმა უნდა, ასევე ვაპირებ ამის შემდეგ მთელი ჩემი გამოცდილებით მონაწილეობა მივიღო უკრაინის, როგორც ევროპის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს აღმშენებლობაში და საბოლოოდ ფეხზე დაყენებაში“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

