პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების შენობა თანამშრომლების სამუშაო საჭიროებებზე იქნება მორგებული და პროკურატურის ეფექტიანი საქმიანობისთვის შესაბამის პირობებს შექმნის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები. რაიონული პროკურატურების თანამშრომლები წლების განმავლობაში სხვადასხვა შენობაში გამოყოფილ სივრცეებში მუშაობენ. ახალი შენობის დასრულების შემდეგ მათ საქმიანობისთვის შესაბამისი სამუშაო გარემო ექნებათ.

შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ცენტრი, მოეწყობა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი.

პროექტის ფარგლებში შენდება 4-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა და 2-სართულიანი მოქალაქეთა მისაღები სივრცე, რაც მოქალაქეებს შესაბამისი სერვისების კომფორტულ გარემოში მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ამ ეტაპზე დასრულებულია ადმინისტრაციული შენობის რკინაბეტონის სამუშაოები, მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება, ხოლო შიდა სივრცეებში — საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოები. პარალელურად, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ცენტრალური ღობის, სადრენაჟე და წყალარინების სისტემების მოწყობა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე.

რევაზ სოხაძემ და გიორგი გვარაკიძემ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების ხარისხსა და პროექტით განსაზღვრული ვადების დაცვაზე. სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები გააკონტროლებენ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები