„ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სპეკულაციები ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. პოლიტიკური მანიპულაცია ხშირად სწორედ ციფრებისა და ფაქტების შეგნებულად არევით იწყება.
2018 წლის „სესხების განულების“ თემაზე დღესაც ურევენ ერთმანეთში ორ სრულიად განსხვავებულ ცნებას – ნომინალურ დავალიანებას და მის რეალურ საბაზრო ღირებულებას.
პროგრამაში დაახლოებით 600 ათასი მოქალაქის ვალდებულებები შევიდა, რომელთა საერთო ნომინალური მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. მაგრამ ეს იყო მოქალაქეების აღრიცხული დავალიანება და არა თანხა, რომელიც ფონდმა ქართუმ გადაიხადა.
საუბარი იყო ძირითადად ვადაგადაცილებულ, პრობლემურ და მცირე სესხებზე, რომელთა ამოღების პერსპექტივა დაბალი იყო. სწორედ ამიტომ ასეთი პორტფელები ფინანსურ ბაზარზე, როგორც წესი, დიდი დისკონტით იყიდება. ბანკი ყიდის „ცუდ“ ვალს იაფად, მყიდველი ხდება ახალი კრედიტორი, რომელიც წყვეტს, ამოიღებს თუ ჩამოწერს ამ ვალს.
ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში პრობლემური სესხების მართვისას.
2018 წელს ფონდმა სწორედ ეს მექანიზმი გამოიყენა, რათა დიდი რაოდენობის ადამიანის ვალი გაენულებინა.
საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ფონდმა ქართუმ ეს მოთხოვნები ნომინალის დაახლოებით 9-10 %-ად შეიძინა, რაც მიღებული პრაქტიკაა. შესაბამისად, 1.5 მილიარდი ლარის ნომინალური დავალიანება არ ნიშნავს 1.5 მილიარდი ლარის გადახდას. საუბარი დაახლოებით 100–150 მილიონი ლარის ორდერის რეალურ ღირებულებაზეა.
რის შემდეგაც ფონდმა შეძენილი მოთხოვნები ჩამოწერა და მოქალაქეები ამ კონკრეტული ვალდებულებებისგან გაათავისუფლა.
და სწორედ აქ უნდა დავინახოთ ამ გადაწყვეტილების რეალური სოციალური და ეკონომიკური ეფექტი.
ეს არ იყო უბრალოდ ციფრების მანიპულაცია საბანკო სისტემაში. ასობით ათასი ადამიანი გათავისუფლდა იმ ვალდებულებებისგან, რომელთა მომსახურებაც მათთვის უკვე მძიმე ტვირთად იყო ქცეული. მოქალაქეებს გაუქრათ მუდმივი დავალიანების, ჯარიმების, იძულებითი ამოღებისა და საკრედიტო შეზღუდვების წნეხი. მათ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა, დაბრუნებოდა ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებას აეღო ახალი ფინანსური ვალდებულება, დაეწყო ან გაეგრძელებინა მცირე ბიზნესი, გაეკეთებინა ინვესტიცია საკუთარ ოჯახში და აღარ ეცხოვრა წლების განმავლობაში ძველი ვალის ტყვეობაში.
ეკონომიკური ეფექტიც სწორედ აქ იყო.⁰ პრობლემური და პრაქტიკულად უიმედო მოთხოვნების ჩამოწერამ გაათავისუფლა როგორც მოქალაქეები, ისე ფინანსური სისტემის ნაწილი ძველი, დაბალი ამოღებადობის ვალდებულებებისგან.
ამიტომ, ამ პროგრამის მნიშვნელობა მხოლოდ „1.5 მილიარდი ლარის ვალის ჩამოწერით“ არ იზომება. მისი მთავარი ეფექტი იყო ასობით ათასი ადამიანის ეკონომიკური რეინტეგრაცია ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ფინანსური სისტემის გარეთ ან მის ყველაზე მძიმე ნაწილში იყვნენ მოქცეული.
ამ ფონზე დღეს გავრცელებული მტკიცება თითქოს მოქალაქეებს ურეკავენ და მათგან 2018 წელს უკვე ჩამოწერილი კონკრეტული დავალიანების დაფარვას ითხოვენ არის ტყუილი და სპეკულაცია.
მოქალაქეს დღეს შეიძლება ჰქონდეს სხვა ძველი ან მოქმედი საკრედიტო ვალდებულება. მაგრამ სხვა სასესხო ვალდებულება არ ნიშნავს 2018 წელს ჩამოწერილი ვალის დაბრუნებას.
ერთხელ ჩამოწერილი კონკრეტული მოთხოვნა აღარ უნდა წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს ის კვლავ მოქმედ ვალდებულებად არსებობს.
პოლიტიკური მანიპულაციის სქემაც მარტივია: აიღო 1.5 მილიარდი ლარის ნომინალური ციფრი, უგულებელყო მისი საბაზრო ღირებულება, შემდეგ კი საზოგადოებას უთხრა, თითქოს დღეს მოქალაქეებს ძველად ჩამოწერილ ვალებს კვლავ ახდევინებენ არის ფაქტების შეგნებული არევა.
2018 წლის პროგრამის მიმართ პოლიტიკური კითხვები, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს. შეიძლება მსჯელობა პროგრამის დროზე, პოლიტიკურ კონტექსტსა და მის შესაძლო საარჩევნო ეფექტზე. მაგრამ ეს სრულიად სხვა საკითხია.
ფინანსური მექანიზმის განზრახ დამახინჯება, როდესაც 1.5 მილიარდი ლარის ნომინალურ დავალიანებას უპირისპირებენ დაახლოებით 9%-იან შესყიდვის ფასს და შემდეგ თავად დისკონტირებულ შესყიდვას წარმოაჩენენ საეჭვო მოვლენად, საზოგადოებას ფინანსურ რეალობას კი არ უხსნიან არის სწორედ პოლიტიკური სპეკულაცია.
და რაც მთავარია, ამ პროგრამის შედეგი მხოლოდ ფინანსური ოპერაცია არ ყოფილა. მან ასობით ათასი ადამიანის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და მათ ფინანსური ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მისცა.
დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციაა“, – წერს პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

