„ყოველ ორშაბათს დილის 11 საათიდან 15საათამდე მე ვიქნები პროკურატურასთან ორთაჭალაში და მოვითხოვ სიმართლის დადგენას! ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას! ყველას განსაკუთრებით დედებს, გელოდებით სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის ყოველ ორშაბათს… და თუ რამ სიახლეც იქნება ორშაბათს მივაწვდი საზოგადოებას“, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გუშინ, 19 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურაში გამოძიების ხელახლა – მკვლელობის მუხლით დაწყების მოთხოვნით მივიდა. ოჯახი ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.
2020 წლის 18 ივლისს, 23, წლის თამარ ბაჩალიაშვილი დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

