პროკურორი: მიქაუტაძეს ბიზნესმენებისგან ქრთამის სახით მიღებული ფული ლილუაშვილთან სუს-ის შენობაში, სამუშაო კაბინეტში მიჰქონდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მომდინარეობს. მოწმის სახით დღეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდადებული რომეო მიქაუტაძე იკითხება. მიქაუტაძე დღეს სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას. პროცესის დაწყებამდე კი საქმის პროკურორმა აღნიშნა, რომ მიქაუტაძეს ლილუაშვილთან ქრთამის სახით მიღებული ფული სუს-ის შენობაში, სამუშაო კაბინეტში მიჰქონდა:

„მოწმე, ვინც ფიზიკურად შეესწრო თანხის გადაცემას, დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარია ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე და ბუნებრივია, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები სახალხოდ არ ხდება. [ქრთამის გადაცემა ხდებოდა] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. როგორც მოწმე აცხადებს ესეა [ლილუაშვილთან მიჰქონდა სამსახურში თანხები].

მოწმემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის, შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე. სხვათა შორის, ამ მიმართულებით დაკითხულები არიან სხვა პირებიც, რომლებიც ნამყოფი იყვნენ მანამდე გრიგოლ ლილუაშვილთან და მათ მიერ ასვლის პროცედურა, რაც არის, ასევე დაცვის წევრების მიერ, რაც არის, რაც ფიქსირდება, ასვლის პროცედურა, რომ ეს არ ხდებოდა აუცილებლად საშვით, გაჩხრეკით და ა.შ. ანუ ეს იყო სრულად ბრალდებულზე დამოკიდებული, როგორ აიყვანდა, მასთან ვიზიტორს.

რაც შეეხება ვიდეოკამერის ჩანაწერებს – ზოგადად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ფაქტები არა დღეს, გუშინ და ერთი კვირის წინ, გარკვეული დროა თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით გასული. ზუსტ პერიოდს ვერ დაგისახელებთ. გასულია უკვე რამდენიმე წელი. ბუნებრივია, ამ მიმართულებით საქმეში არ არის მოცემულობა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დერეფანში გადაადგილება რომეო მიქაუტაძის, არ ასახავს იმას, რომ ფიზიკურად თანხას გადასცემს ლილუაშვილს. თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში.

დავკითხეთ დაცვის თანამშრომელი, რომელიც ადასტურებს, რომ იმავე სართულზე ნანახი ჰყავს მაგალითად, რომეო მიქაუტაძე. ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსია ისეთი, რომელიც სრულად თანხვედრაშია მოწმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, თავად ეუბნებოდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა დაკითხვისას, შეფუთული იყო ეს მოცემულობა სახელმწიფო ინტერესით“, – განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მიქაუტაძემ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება რამდენიმე დღის წინაც მისცა. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და „სახელმწიფო ინტერესების დაცვის” საბაბით დიდი ოდენობით ფულს სთხოვდა. როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.

პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები