GUARDIANGE – ესპანეთის ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ხმელეთით და ზღვით ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა.
ვიდეოებსა და სურათებზე ჩანს, თუ როგორ შედიოდა სეუტაში 30 ივლისს ათასობით ადამიანი ცურვით, ადგილობრივი მედიის ცნობით კი, პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ტერიტორიაზე მოხვედრის მცდელობისას სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ამ თვეში დაადგინა, რომ ზღვაში გაჩერებული მიგრანტები, რომლებიც ესპანეთის კიდევ ერთ ანკლავში, სეუტაში ან მელილაში ჩასვლის მცდელობისას გაჩერდნენ, მაროკოში დაუყოვნებლივ ვერ დაბრუნდებოდნენ.
მაროკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სეუტა ესპანეთისგან გიბრალტარის სრუტით არის გამოყოფილი და ევროპაში მოხვედრის მცდელობისას ის დიდი ხანია, რაც მიგრანტებისთვის ცენტრალურ წერტილს წარმოადგენს.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მადრიდს დახმარებისთვის მიმართეს ბოლო დროს საზღვრის გადაკვეთის მცდელობების ზრდის შემდეგ, თუმცა 30 ივლისს ქაოსი შეიქმნა, რადგან, როგორც ჩანს, სასაზღვრო კონტროლი მოიშალა.
ესპანელი ოფიციალური პირების შეფასებით, სეუტაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში შესული მიგრანტების რაოდენობა შესაძლოა ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს. ადგილობრივი ბოლო მონაცემებით, სეუტას მოსახლეობა დაახლოებით 83 600 ადამიანს შეადგენს.
მოგვიანებით, ესპანეთმა უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შეიარაღებული ძალები განალაგა სეუტასა და ქალაქ მელილაში, სადაც ღამით საზღვრის 300-დან 400-მდე გადაკვეთა დაფიქსირდა.
მაროკოსთვის სასურველი ორივე ქალაქი დიდი ხანია ესპანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების საგანია. მადრიდი ამტკიცებს, რომ ორივე ტერიტორია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია და იგივე სტატუსი აქვს, რაც მის კონტინენტურ ნაწილში მდებარე ნახევრად ავტონომიურ რეგიონებს.
ისინი ქმნიან ევროკავშირის ერთადერთ სახმელეთო საზღვარს აფრიკასთან.
მაროკოდან საზღვრის გადამკვეთთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო, ძირითადად მამაკაცები, თუმცა მათ შორის ქალები, ბავშვები და ჩვილებიც კი არიან.
ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე არალეგალურად გადასულთა შორის სულ მცირე 7000 არასრულწლოვანია.
ჩვეულებისამებრ, სეუტაში შესასვლელად მიგრანტებს სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის გაცურვა უწევთ. ამჯერად, როგორც ჩანს, მათ სასაზღვრო ღობესთან მიახლოება მარტივად შეძლეს. დასაწყისში ზოგიერთი ნავმისადგომზე კლდეების გასწვრივ და ბოლოშიც კი გადიოდა ფეხით, თუმცა უმეტესობას მოპირდაპირე მხარეს მდებარე პლაჟებამდე მისასვლელად ცურვა და შემოვლა მოუწია.
გაურკვეველია, სად იმყოფებოდნენ ამ ეტაპზე მაროკოელი მესაზღვრეები და რატომ არ დაშალეს ან შეაჩერეს მიგრანტების ჯგუფები.
30 ივლისს ხალხის უეცარი შემოდინება სეუტაში რამდენიმე საათში გაიზარდა. როგორც ჩანს, მათი წარმატების შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა.
ბოლოს ასეთი ზრდა – თუმცა არა ამ მასშტაბის – 2021 წელს დაფიქსირდა. ამ დროს, მადრიდთან დასავლეთ საჰარის სუვერენიტეტთან დაკავშირებული დავის შემდეგ, მაროკოს ხელისუფლებამ დაახლოებით 8000 ადამიანს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა.
დიპლომატიური დავა ბოლო დროს კვლავ გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ალჟირში გაემგზავრა, რომელიც რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაროკოსთან თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს ყველა იმ ადამიანის „რაც შეიძლება მალე“ დაბრუნება, ვინც არალეგალურად გადაკვეთა მისი ტერიტორია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 31 ივლისის ჩათვლით, ღამიდან მოყოლებული, გაგრძელდა როგორც საზღვრის გადაკვეთა, ასევე საზღვრის გასწვრივ შეტაკებები მიგრანტებსა და პოლიციას შორის.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მაროკოდან მიგრანტთა უკანონო შეჭრის ასეთი ზრდა ან რამდენად ეცადა იქაური ხელისუფლება ამის თავიდან აცილებას.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწრაფად გააკეთა კომენტარი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე, იქიდან გავრცელებულ სურათებს „შოკისმომგვრელი“ უწოდა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ასეთი „უკონტროლო იმიგრაცია“ ევროპის უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენდა.
მან განაცხადა, რომ იტალია განიხილავს ესპანეთთან შენგენის ზონის შეთანხმების შეჩერებას თავისუფალი გადაადგილების შესახებ, თუმცა გაურკვეველია, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ქვეყანა მეზობელი არ არის და არალეგალური მიგრანტები ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვითმფრინავებში ავიდნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, სეუტაში ჩასული მიგრანტები ახლა იქ არიან ჩარჩენილები და არა ესპანეთის მატერიკზე.
მისი გავცხადების შინაარსი იმეორებდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის, მსგავს კომენტარს, რომელიც მისმა ესპანელმა კოლეგამ, ხოსე მანუელ ალბარესმა, იმიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები „შეუსაბამოა“ „პარტნიორი და მეგობრული ქვეყნისთვის, რომლისგანაც ევროპულ სოლიდარობას ველით და არა პარტიულ დემაგოგიას“.
მან 31 ივლისს მადრიდში იტალიის ელჩიც დაიბარა.
შენგენის ზონა ღია საზღვრების სისტემაა, რომელიც მოიცავს 29 ევროპულ ქვეყანას, რომლებმაც ოფიციალურად გააუქმეს კონტროლი საერთო საზღვრებზე.


