GUARDIANGE – საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან, რომელთაგან ერთი ბორდოდან სამხრეთით, დაახლოებით ცხრა მილის (15 კილომეტრის) დაშორებით მდებარეობს.
როგორც BBC იტყობინება, ბორდოში გაჩენილი ხანძარი ღამით არ გამწვავებულა – ქარი შესუსტდა და მცირე წვიმაც კი იყო. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამინდი კიდევ უფრო ცხელი იქნება, სამშაბათს ტემპერატურა 40°C-სს (104F) მიაღწევს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საგანგებო შეხვედრას მართავს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კი ვალენსიაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ რაიონებს სტუმრობს.
ორივე ქვეყანაში 300 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ბევრი მათგანი სპორტულ დარბაზებსა და საგამოფენო ცენტრებში ათევს ღამეს.
საფრანგეთისა და ესპანეთის ლიდერების დღის წესრიგის მთავარი თემა დღეს ხანძრებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა, რამაც მათ ქვეყნებში მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და ვრცელი ტერიტორიების განადგურება გამოიწვია.
შაბათს გამოსვლისას, მაკრონმა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრისა და ნახანძრალი ადგილების აღდგენის პირობა დადო და დასძინა, რომ მისი მთავრობა „იქ იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება“.
ესპანეთში, პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კასტელონის ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებს სტუმრობს, მათ შორის ვალენსიასთან ახლოს მდებარე ქალაქ ვალ დ’უიშოს, სადაც 6500 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.
იმ ფონზე, როცა ამ კვირაში საფრანგეთში ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსამდე გაიზრდება, კიდევ ერთი სიცხის ტალღა გაართულებს ბორდოსთან ახლოს ხანძრის ჩაქრობის პროცესს.
საფრანგეთის ეროვნული მეხანძრე-მაშველების ფედერაციის წარმომადგენელმა ერიკ ბროკარდიმ განაცხადა, რომ ხანძრის კონტროლისთვის „სამი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმა“ იქნება საჭირო.
ევროკავშირის კრიზისების მართვის კომისარი ჰადჯა ლაჰბიბი აფრთხილებს, რომ ზაფხულის განმავლობაში მეტი ხანძარია მოსალოდნელი და დასძენს: „სამწუხაროდ, სინოპტიკოსები მორიგ ჯერზე ისევ სიცხეს პროგნოზირებენ, ამიტომ სხვა ხანძრებსაც უნდა ველოდოთ“.
მან ასევე BBC-სთან განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, წინა რეკორდებს გადააჭარბებს.
„გასულ წელს ზაფხულში ერთი მილიონი ჰექტარი დაიწვა და ამიტომ კიდევ ერთ ისტორიულ, სამწუხარო რეკორდს ველოდებით, რადგან სიცხეები და ხანძრები ზაფხულის ადრეულ პერიოდშივე დაიწყო“, – ამბობს ლაჰბიბი.




