გივი მიქანაძემ პარიზში „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, იუნესკო-ს გენერალური დირექტორის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, იუნესკო-ს სათავო ოფისში გაიმართა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.

გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და UNESCO-სთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მსოფლიოს 40 ქვეყნის განათლების მინისტრები და განათლების სფეროს ლიდერები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი იყო 2022 წლის სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესის შეჯამება და მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის – ხარისხიანი განათლების – მიღწევის პროცესის დაჩქარების ხელშეწყობა.

სამიტს ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი და იუნესკო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუნესკო-ს გენერალურ დირექტორთან, ხალედ ელ-ენანისთან და განათლების საკითხებში იუნესკო-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ქუნ ჩენთან.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები