ტრამპის მუქარის შემდეგ აშშ-მ ირანში 90 სამიზნეს დაარტყა, თეირანი კი იმუქრება, რომ დაპირებების დარღვევა ვეღარ ჩაივლის საფასურის გადახდის გარეშე

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანზე ძლიერი დარტყმით დამუქრების შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ირანში 90 სამიზნეზე მიიტანა იერიში.

ამის შემდეგ სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ ირანის სავარაუდო თავდასხმების შესახებ განაცხადა  – ეს მოიცავდა აფეთქებებს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, ქუვეითში რაკეტებისა და დრონების ჩაჭრას და კატარის მიერ უსაფრთხოების განგაშის გამოცხადებას.

აშშ-სთან ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა, განაცხადა, რომ ამერიკამ „ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, რომ დაშინება და დაპირებების დარღვევა უკვე ვეღარ ჩაივლის საფასურის გადახდის გარეშე“.

ირანული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარე რაიონებში და დარტყმები განხორციელდა სპარსეთის ყურის ირანის მიერ კონტროლირებად კუნძულებზე.

ეს მოჰყვა აშშ-ის მიერ 7 ივლისს განხორციელებულ დარტყმებს, რომლებიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სრუტეში ტრანზიტით მყოფ სამ კომერციულ გემზე თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა.

ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებს, 8 ივლისს, გამთენიისას, ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო თავდასხმებით უპასუხა.

პაკისტანელი მედიატორები მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

პაკისტანმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის გამო.

ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი შუამავალი იყო აშშ-სა და ირანს შორის გასულ თვეში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) მიღწევაში, აპრილში მაღალი დონის მოლაპარაკებების მასპინძლობის შემდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კონფლიქტის განახლება არავის ინტერესებში არ შედის“ და მოუწოდა „ყველა მხარეს თავშეკავებისა“ და მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

ომის გამწვავების მიუხედავად, ნავთობის ფასი ჯერჯერობით სტაბილურობას ინარჩუნებს

ოთხშაბათს, 8 ივლისს, ბრენტის ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები წამოიწყო.

თუმცა, როგორც BBC  იტყობინება, აშშ-ის მხრიდან განმეორებითი თავდასხმების მიუხედავად, ნავთობის ბაზრები ამჟამად საგრძნობლად მშვიდი ჩანს – დღეის მონაცემებით, ბრენტის ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა და 78.80 აშშ დოლარს (58.82 ფუნტი სტერლინგი) მიაღწია.

შესაძლოა, ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნული იყოს, თუმცა არა იმდენად მაღალი, რაც თებერვლის ბოლოს კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო. დღევანდელი ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე აპრილში იყო, როცა ნავთობის ფასმა თითქმის 120 დოლარის ნიშნულს მიაღწია.

მოვაჭრეები ახლა ყურადღებით დააკვირდებიან, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ცეცხლის გაცვლის ეს უკანასკნელი რაუნდი და რა გავლენას მოახდენს ის ენერგიის მოძრაობაზე ჰორმუზის სრუტის საკვანძო საზღვაოს მარშრუტზე, რომლის გავლითაც ჩვეულებრივ მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები