ხალხი ზეიმობს მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აშშ-ში ბავშვის დაბადებისას მისი მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ისახავდა მიზნად. ფოტო: ჯიმ ლო სკალცო/EPA
GUARDIANGE – აშშ -ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა დაბადებისთანავე მოქალაქეობის უფლების კონსტიტუციურ გარანტიას, დაადასტურა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული თითქმის ყველა ადამიანი ამერიკის მოქალაქეა და უარყო დონალდ ტრამპის ანტიიმიგრანტული დღის წესრიგის ცენტრალური საყრდენი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს.
აშშ-მ მოქალაქეობა მიანიჭა ქვეყანაში 1868 წლიდან დაბადებულ ყველა ადამიანს, ეს უფლება გათვალისწინებულია აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით და გამყარებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილებებით.
პრეზიდენტმა ტრამპმა მეორე ვადის შესრულების დაწყებიდან პირველივე დღეს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აშშ-ში მყოფი არალეგალი იმიგრანტებისა და დროებით მცხოვრები უცხოელების ახლად დაბადებული შვილებისთვის ავტომატურად მოქალაქეობის მინიჭებას ზღუდავდა. უმრავლესობის სახელით, უზენაესის სასამართლოს მოსამართლემ ჯონ რობერტსმა წერილობით განაცხადა, რომ ეს ბრძანება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას არღვევდა.
„მოქალაქეობა, მაშინაც და ახლაც, ნიშნავდა უფლებების ქონის უფლებას – თავისუფლად მონაწილეობას ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებაში.მეთოთხმეტე შესწორების შემქმნელებმა ეს დაპირება „ამ მიწაზე ყველა თავისუფლად დაბადებულ ადამიანს“ გადასცეს. ჩვენ დღეს ამ დაპირებას ვასრულებთ“, – წერს რობერტსი.
რობერტსს შეუერთდნენ ლიბერალი მოსამართლეები: სონია სოტომაიორი, ელენა კაგანი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი, ასევე კონსერვატორი მოსამართლე ემი კონი ბარეტი. კონსერვატორი მოსამართლე ბრეტ კავანა ნაწილობრივ არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას. როგორც მანს განაცხადა, ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება არღვევდა ფედერალურ კანონს, მაგრამ არა კონსტიტუციას. კონსერვატორმა მოსამართლეებმა კლარენს ტომასმა, სამუელ ალიტომ და ნილ გორსაჩმა წარმოადგინეს განსხვავებული მოსაზრებები.
ტრამპმა გადაწყვეტილებას აშშ-ისთვის „ძალიან ცუდი“ უწოდა, თუმცა თქვა, რომ კონგრესმა ახლა ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა განიხილოს და საკითხის გადასაჭრელად კიდევ ერთი გზა შესთავაზა.
„კონსტიტუციური შესწორების გაჭიანურება და ძნელად განხორციელება საჭირო არ არის! კონგრესმა დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ძვირადღირებული და უსამართლო, დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობის დასრულებაზე“, – დაწერა ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე. „მათ ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ექნებათ!“
სამოქალაქო უფლებების დამცველმა ჯგუფებმა და „დემოკრატებმა“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქალური გადაწყვეტილება უწოდეს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „დიდ გამარჯვებად“ შეაფასა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირმა, რომლის ეროვნულმა იურიდიულმა დირექტორმა, სესილია ვანგმა, წარადგინა საქმე უზენაეს სასამართლოში როგორც იმ ჯგუფური სარჩელის ნაწილი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით დაზარალებულმა ბავშვების მშობლებმა შეიტანეს,
„სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ფუნდამენტურ დაპირებას – თუ აქ დაიბადე, მოქალაქე ხარ“, – თქვა ვანგმა. „პრეზიდენტს არ შეუძლია კონსტიტუციის შეცვლა აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებით. ჩვენი მამაცი კლიენტები და ჩვენი იურიდიული გუნდი დგას ჩვენს ქვეყანაში მილიონობით ადამიანის გვერდით, რომლებმაც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი უფლების დაცვაზე ისაუბრეს. კონსტიტუციით გათვალისწინებული დაბადების მოქალაქეობის გარანტია მტკიცეა“.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ტრამპი დიდი ხანია ცდილობს დაბადებით მოქალაქეობის უფლების პრინციპის გაუქმებას, ავრცელებს რასისტულ ტყუილს , რომ ბარაკ ობამა კენიაში დაიბადა და არ ჰქონდა პრეზიდენტობის უფლება. მან ასევე უსაფუძვლოდ დასვა ეჭვქვეშ კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის და მოგვიანებით, თეთრი სახლის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, მისი მშობლების დაბადების დროს იმიგრაციული სტატუსიდან გამომდინარე.
ტრამპის მეორე ვადის იმიგრაციის დღის წესრიგი მთლიანად მიზნად ისახავდა ამერიკის მოქალაქეობის მიღების უფლების რადიკალურად ხელახლა განსაზღვრას. არაჩვეულებრივი ნაბიჯი იყო ის, რომ ტრამპი პირადად დაესწრო სასამართლოში საქმის განხილვისას გამართული ზეპირი არგუმენტების მოსმენებს, რაც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ზეპირ არგუმენტებს დაესწრო.
ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ მე-14 შესწორებაში ფრაზა „მისი იურისდიქციის დაქვემდებარებული“ ნიშნავდა, რომ აშშ-ში დაბადებული ჩვილები იმ პირებისა, რომლებიც კანონიერად არ იმყოფებიან ქვეყანაში, მოქალაქეები არ არიან. აღმასრულებელი ბრძანებულების თანახმად, ეს მოიცავს იმ შემთხვევებსაც, როდესაც პირის არცერთი მშობელი არ არის აშშ-ის მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი რეზიდენტი, ან თუ მშობელს აქვს კანონიერი, მაგრამ დროებითი სტატუსი. იგი ცდილობდა ამის გამოყენებას 2025 წლის 19 თებერვლიდან, რაც ყოველწლიურად ასობით ათას ჩვილზე იმოქმედებდა.
იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ პრეზიდენტის ბრძანებულების წინააღმდეგ შეტანილ საქმეებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა აშშ-ში დაბადებული იმ ათასობით ბავშვის ბედი, რომელთა მშობლებიც მუდმივი იურიდიული სტატუსის არმქონეები იყვნენ.
კაპიტოლიუმში რეაქციები ძირითადად პარტიული ნიშნით გაიყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატმა“ ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა, აღნიშნა, რომ მე-14 შესწორებამ „გაუძლო დონალდ ტრამპისა და მისი ყველაზე ცინიკური და ქსენოფობიური ხელშემწყობი პირების მიერ წამოწყებულ არაკონსტიტუციურ შეტევას“.
„ამერიკის 250-ე დაბადების დღის წინა დღეს, ულტრამემარჯვენე კონსერვატორებმა ჩააგდეს შეერთებული შტატების გადაკეთების მცდელობა და ამერიკულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა“, – თქვა ჯეფრისმა.
მან აღნიშნა, რომ უზენაესმა სასამართლომ „საბოლოოდ დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა პირი ამერიკის მოქალაქეა“.
„ეჭვი არ არსებობს და არ იარსებებს“, – თქვა ჯეფრისმა.
რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ უკმაყოფილება გამოთქვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
„მე ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში ეს საკითხი უხეშად იქნა ბოროტად გამოყენებული“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელმა“ სპიკერმა მაიკ ჯონსონმა პრესკონფერენციაზე. „თქვენ უბრალოდ მოდიხართ ამ მიწაზე და იბადებიან თქვენი შვილები, შემდეგ კი მათ შეუძლიათ ისარგებლონ სოციალური სახელმწიფოთი და ყველაფრით“.
30 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს უმრავლესობის მოსაზრებამ განიხილა მოქალაქეობის მარტივი მნიშვნელობები, ინგლისური საერთო სამართლიდან მონობამდე, შემდეგ ემანსიპაციამდე, და შემდეგ მოქალაქეობის ძირის გამოთხრის მცდელობებამდე, მათ შორის ჩინელების გარიყვის აქტამდე.
რობერტსმა დაწერა, რომ დრედ სკოტის საქმეზე მიღებულმა „საძაგელმა“ გადაწყვეტილებამ შავკანიანებს მოქალაქეობა არ მიანიჭა და მაშინ ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეობის მინიჭება „სისხლმა და არა მიწამ“ გადაწყვიტა. 1857 წლის გადაწყვეტილება მე-14 შესწორებით გაუქმდა, რათა კოდიფიცირებულიყო შავკანიანი ამერიკელების უფლებები და მოქალაქეობა მიენიჭებინა „შეერთებულ შტატებში დაბადებული ან ნატურალიზებული ყველა პირისთვის, რომელიც მის იურისდიქციას ექვემდებარება“.
„შეერთებულ შტატებში უკანონოდ ან დროებით მცხოვრები მშობლებისგან დაბადებული ბავშვები „ექვემდებარებიან შეერთებული შტატების იურისდიქციას“ და დაბადებისთანავე ხდებიან მოქალაქეები მეთოთხმეტე შესწორების მოქალაქეობის პუნქტის შესაბამისად“, – წერს უზენაესი სასამართლოს უმრავლესობა.

