სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან მელქონ მაკარიანთან,მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს მშენებარე სპორტული დარბაზი, სადაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასევე მოინახულეს სკოლის შენობა, სადაც ხორციელდება სახურავის მოწყობისა და შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას და მოსწავლეებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. პროექტები მოიცავს გზების რეაბილიტაციას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და გაზრდის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას.
ასევე დაათვალიერეს რიტუალების სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღინიშნა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ხელს უწყობს მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

