ვანში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე, ვანის ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლები, ჩოხოსნები და მერიისა და საკრებულოს სამსახურების ხელმძღვანელები აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
„თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი დღე და 2008 წლის აგვისტოს ომი მძიმე მოსაგონარი და ემოციურია. ყოველ წელს მოვდივართ, რომ გავიხსენოთ ის ახალგაზრდა გმირი ბიჭები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის თავი გასწირეს. ყველა ქართველის ვალია პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, დავაფასოთ და არასდროს დავივიწყოთ მათი თავგანწირვა“.- განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 8 აგვისტოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

