რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბორის ტიტოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში, სომხეთი სერიოზულ სირთულეებს წააწყდება, ენერგეტიკისა და სასურსათო ბაზრის ჩათვლით.
მისი თქმით, სომხეთისთვის ენერგორესურსების ფასები შესაძლოა, ევროპულ დონეს მიუახლოვდეს, ხოლო შიდა ბაზარზე სურსათის ფასები შესაძლოა, გაიზარდოს.
როგორც ტიტოვმა განმარტა, რუსეთის ბაზარზე სომხური პროდუქციის ნაწილი აზერბაიჯანული პროდუქციით ჩანაცვლდება.
„რაც სომხეთში დავკარგავთ ბუნებრივია, აზერბაიჯანით ჩავანაცვლებთ“, – განაცხადა ტიტოვმა.
ცნობისთვის, პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სომხეთიდან ცოცხალი თევზისა და თევზპროდუქციის შეტანა აკრძალა. მაისის ბოლოს „როსსელხოზნადზორმა“ ეტაპობრივად აკრძალა სომხეთიდან რიგი პროდუქციის იმპორტი, მათ შორის ყვავილების, მინერალური წყლის, „ჯერმუკის“, ბოსტნეულის, მწვანილისა და მარწყვის.


