სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ დირექტორი ირაკლი ჩიხლაძეა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძე ასევე არის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ წევრი, „ცხინვალის სამხარეო პროფესიული კავშირების ცენტრის“ გამგეობის წევრი და ასოციაცია „თექალის“ დამფუძნებელი.
როგორც სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებული საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. უწყების ცნობით, დაკავებულის მიერ გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესახებ საინტერესო მონაცემებს. ამასთან, როგორც სუს-ში აღნიშნეს, ონლაინპლატფორმის საფარით მართავდა სადაზვერვო ქსელს, ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების ქსელის წევრებს შორის განაწილებას.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებული პირის მიერ გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ადგილზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.
გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინპლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადადიოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას უცხო ქვეყნების სადაზვერვო ქსელების სხვა წევრების გამოვლენისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით“, – განაცხადეს სუს-ში.
ამასთან, მანამდე, სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე დააკავა.
გულბაათ რცხილაძე ორგანიზაცია „ევრაზიიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელია.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, რცხილაძის სახელზე დარეგისტრებულია რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის, „კავკასიური თანამშრომლობა“, „საქართველოს უკვდავი ჯარი“, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით სისტემატურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.
საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუს-ში.

