„დღეს დასრულდა ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული სამართალდარღვევის ბოლო საქმე ტროტუარის და გზის გადაკეტაზე და ყველა მათგანი სასამართლომ შეწყვიტა. ამ, ერთი შეხედვით, სამართლიანი გადაწყვეტილებების უკან ისევ ის სისტემა დგას, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი პრაქტიკულად აკრძალა და ტროტუარზე შეკრების გამო ადამიანებს აპატიმრებენ.
ცხადია, კარგია, ამ პრაქტიკის შემდეგ, ჟურნალისტებს უფრო თავისუფლად შეეძლებათ მუშაობა და პროტესტის გაშუქება, თუმცა ასეთი საქმეები, რომლებიც წასაგებადაა განწირული, სასამართლოში შემთხვევით არ ხვდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აქტივისტების წინააღმდეგ საქმეებში ფაქტობრივად ნულოვანია საქმეთა შეწყვეტის მაჩვენებელი, ხოლო პრაქტიკულად ტროტუარზე პროტესტიც კი აკრძალულია.
სანამ ზედაპირულად შევაფასებდეთ მედიის წინააღმდეგ საქმეებს, პროპაგანდაც ხელზე დაიხვევდეს ამ ამბებს და სადმე თავს მოიწონებდეს „ქართული ოცნება“, როგორი სამართლიანი სასამართლო გვაქვს, ცოტა დეტალებშიც შევიდეთ, ყველასთვის ნათელი რომ იყოს რა პროცესებით ცდილობენ ნულოვანი „გამამართლებელი“ სტატისტიკის გაკეთილშობილებას, სასამართლო სისტემის სამართლიანად წარმოჩენას:
1.საქმეები არც კი უნდა დაწყებულიყო – დავიწყოთ იმით, რომ შსს-ში ყველა ადამიანის სახელი ძალიან კარგად იციან, ვინც რუსთაველზე სისტემატურად დგას, განსაკუთრებით კი მათი, ვინც ყოველდღიურად აშუქებს მას. შსს-ს ვიდეოჩანაწერებში ყველა საქმეში რამდენჯერმე, გარკვევით და ნათლად ჩანს, ეს ადამიანები მუშაობენ, ფოტო/ვიდეო მასალას იღებენ და პრესის აღმნიშვნელი ნიშნები კი შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეს. მართალია, პრესის ნიშნის ტარება სავალდებულო არაა (ჟურნალისტად ნიშანი კი არა, შენი საქმიანობა გაქცევს), თუმცა პრაქტიკულად ყველა ატარებს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ამასაც აზრი არ ჰქონია, როცა საქმის სასამართლოში შეტანა უნდათ. ამ ჩანაწერებში სხვა ჟურნალისტებიც ჩანან, მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებიც, რომლებიც იდენტურ საქმიანობას ეწევიან, თუმცა მათზე კითხვები შსს-ს არ გასჩენია, რატომღაც ეს 6 ჟურნალისტი ამოარჩიეს.
2.საქმეები უნდა გაეხმო შსს-ს სასამართლოდან – აქამდე შსს-ს რამდენიმე საქმე გაუხმია სასამართლოდან ჟურნალისტების წინააღმდეგ იმის ნახევარი მტკიცებულებებით, რაც ახლა გვქონდა წარდგენილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი თვითონაც გაუუქმებიათ ჯარიმები, თუმცა აქ ბოლომდე „იბრძოლეს“. ცხადია, ძალიან კარგად იცოდნენ, წაგებულ თამაშში რომ შედიოდნენ და ამაში ეჭვი არ მეპარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თვითონვე დაადგინეს ჩვენთვის სასარგებლო პრაქტიკა, თუმცა ამ შემთხვევებში „უკან არ დაიხიეს“, ბოლომდე მიყვნენ პროცესს. ამას კი მხოლოდ ის ახსნა აქვს, რომ პროცესები წასაგებად იყო განწირული, რაღაც მიზნისთვის.
3.მიმდინარე საქმეები – ბოლოს კი არ დავივიწყოთ, რომ ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი ჟურნალისტი დააჯარიმეს 5000-ლარიანი ჯარიმით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვის ბრალდებით. ამ ჯარიმების ნაწილი, მართალია, შსს-მ თვითონვე გააუქმა, თუმცა უფრო დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სასამართლოშია და სხვა საქმეებთან ერთად გაყინულია მათი განხილვაც. ალბათ, ამ საქმეებსაც შემდგომში ნულოვანი სტატისტიკის გამოსასწორებლად გამოიყენებენ“, – წერს იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

