„მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომში და მოდი დეტალურად გავიაროთ ისინი:
1.ოპერატიული ინიციატივა და შიდა კრიზისი რუსეთში:
ბოლო პერიოდის განმავლობაში ფრონტზე ოპერატიული უპირატესობა უკრაინის მხარეს გადავიდა. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად განაპირობა უკრაინული ძალების მიზანმიმართულმა დარტყმებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სამხედრო ობიექტების სისტემატურმა დაზიანებამ რუსეთის ლოჯისტიკასა და ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ამ ფონზე რუსეთის შიგნით საზოგადოებრივი განწყობები თვალსაჩინოდ უარესდება. ომმა ქვეყნის მრავალ რეგიონში სამუშაო ასაკის მამაკაცების სერიოზული დეფიციტი წარმოქმნა. შრომითი რესურსის დანაკლისის შესავსებად რუსეთის ხელისუფლებამ მიგრანტების მასობრივი ჩაყვანა დაიწყო, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება და სოციალური დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. ხალხი ომის რეალურ ფასს სულ უფრო მეტად გრძნობს საკუთარ ყოველდღიურობაში.
ძალიან უჭირს კრემლს ვიდეო გადაღების აკრძალვა. ხალხი ფიზიკურად იღებს როგორც დარტყმებს, ისე საკუთარ უკმაყოფილებას. თუკი წინათ რუსულ რეგიონებს შორის მიმოსვლა უფრო თავისუფლად ხდებოდა ახლა დამატებითი გამშვები პუნქტებია ქვეყნის შიგნითვე გახსნილი და ადგილობრივი თუ ფედერალური მილიცია ხალხს ხშირად აჩერებს, ჩხრეკს და ფულს ახდევინებს.
2.დარტყმები კასპიის ზღვის ფლოტზე:
უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ზრდაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უკრაინულმა დრონებმა კასპიის ზღვაში რუსეთის ფლოტის მთავარ ბაზას – კასპიისკს მიაღწიეს. ეს მიმართულება მანამდე რუსეთის მიერ სრულიად უსაფრთხო ზურგად მიიჩნეოდა.
წარმატებული დარტყმების შედეგად დაზიანდა რამდენიმე რუსული ხომალდი, მათ შორის სარაკეტო კატარღები და გემები, რომლებიც მანამდე უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად გამოიყენებოდა. ამ ოპერაციამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურა ვეღარსად პოულობს აბსოლუტურად უსაფრთხო თავშესაფარს.
რუსული კასპიის ზღვის ფლოტი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ კი არა, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ძალის დემონსტრირებისათვისაც გამოიყენებოდა.
3.საკუთარი სტარლინკის შექმნის მცდელობა:
საბრძოლო მოქმედებებმა დაადასტურა, რომ რუსულ არმიას სტარლინკის კავშირგაბმულობის სისტემის გარეშე ოპერირება და დრონების ეფექტური მართვა ძალიან უჭირს. მას შემდეგ, რაც უკრაინამ პარტნიორებთან ერთად დაიწყო მკაცრი კონტროლის მექანიზმების გამოყენება რუსეთის მიერ ამ ტერმინალების არალეგალური მოხმარების შესაზღუდად, რუსეთის წინა ხაზზე მართვის სერიოზული პრობლემები შეიქმნა.
მოსკოვში ამ პრობლემის გადაჭრას საკუთარი ანალოგის შექმნით ცდილობენ და გეგმავენ კავშირგაბმულობის თანამგზავრების ჯგუფის, “რასვეტის” ორბიტაზე გაშვებას უახლოესი წლის განმავლობაში. თუმცა, ექსპერტები ამ პროექტის სწრაფ წარმატებას სკეპტიკურად უყურებენ. შეზღუდული ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამო, მათი დაგეგმილი ქსელი მასშტაბით ვერ მიუახლოვდება ორიგინალს და ანალიტიკოსების აზრით, დიდი ალბათობით ეს მცდელობა ვერ გაამართლებს იმედებს.
4.ვითარება ზაპორიჟიასა და დონეცკის ფრონტებზე:
ზაპორიჟიას ოლქში უკრაინის მიერ განხორციელებულმა კონტრშეტევითმა მოქმედებებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. რუსეთის არმიამ ფრონტის ამ ხაზზე პრაქტიკულად დაკარგა ის მინიმალური ტერიტორიული წინსვლა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უზარმაზარი რესურსისა და ცოცხალი ძალის ფასად მიაღწია, რათა სულ რამდენიმე კილომეტრით წაწეულიყო წინ. ამჟამად რუსების წინსვლა ამ მიმართულებაზე სრულად შეჩერებულია, ხოლო ცალკეულ სექტორებში უკრაინელებმა თავდაპირველი პოზიციები სრულად დაიბრუნეს.
დონეცკის ოლქში რუსული ძალები კვლავ ცდილობენ აქტიურობას და იერიშებს აწარმოებენ კრამატორსკის სამხრეთით, ქალაქ კოსტიანტინივკას მიმართულებით. მათ მოახერხეს ქალაქის ფარგლებში შეღწევა, თუმცა უკრაინული ძალების მიერ ტერიტორიის მასობრივი დანაღმვისა და დრონების ინტენსიური გამოყენების პირობებში რუსეთის წინსვლა უკიდურესად ნელია. ამ ოპერაციაში რუსული მხარე ძალიან მაღალ მსხვერპლს განიცდის.
5.რეგიონული დისპროპორცია მსხვერპლში და ანტისაომარი განწყობები
რუსეთის ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს ომში დაღუპულთა რეალურ სტატისტიკას, თუმცა რეგიონული ჭრილი აჩვენებს მკვეთრ დემოგრაფიულ უსამართლობას. განსაკუთრებით მაღალია დაღუპულთა მაჩვენებელი ჩრდილოეთ ოსეთიდან, მიუხედავად ოფიციალური დუმილისა. შედარებისთვის, ყველაზე მაღალი ფარდობითი დანაკარგების მქონე რეგიონებში ყოველ 1000 მცხოვრებზე დაღუპულია: ტუვაში – 5.24 ადამიანი, ჩუკოტკაში – 5 ადამიანი, ხოლო ბურიატიაში – 4.36 ადამიანი.
ეს დისპროპორცია პირდაპირ აისახება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებზეც. ანტისაომარი განწყობები განსაკუთრებით გაძლიერდა ინგუშეთსა და ჩეჩნეთში. ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად თანხმდება სამხედრო კონტრაქტების გაფორმებაზე. რეგიონში მასობრივი უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, კრემლი შეგნებულად ამცირებს მობილიზაციის ზეწოლას ამ ტერიტორიებზე და ცდილობს ძალისმიერი გაწვევისგან თავი შეიკავოს.
ეთნიკურ ნიადაგზე მსხვერპლის დისპროპორცია და კავკასიის რეგიონებში ანტისაომარი განწყობები ზრდის შიდა არეულობის ალბათობას, რამაც შესაძლოა მოსკოვი უფრო არაპროგნოზირებადი და რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგოს.
6.ბელარუსის ფაქტორი და ანექსიის საფრთხე:
სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი მიუთითებს ბელარუსის მხრიდან საფრთხის შესაძლო ზრდაზე. კრემლი აქტიურად ცდილობს ლუკაშენკას დაყოლიებას ომში პირდაპირ ჩართვასთან დაკავშირებით. ლუკაშენკამ იცის რომ კარგი არჩევანი არ აქვს: მას ან მოუწევს ომში ჩართვა და ამით შესაძლოა შიდა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მით უფრო დიდი მსხვერპლის შემთხვევაში ან მოუწევს პუტინთან არაპირდაპირი დაპირისპირება და ისევ მიზეზების მოფიქრება. ზოგადად, ლუკაშენკა შეეცდება ომი თავიდან აირიდოს, მაგრამ საკუთარი ხალხისა და ჯარის რუსიფიკაციის ფონზე ლავირების ფანჯარა თავადვე შეამცირა. მოსკოვისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს – ბელარუსის არმიის უშუალო მონაწილეობამაც რომ ვერანაირი სამხედრო წარმატება ვერ მოიტანოს, კრემლს სხვა სცენარი აქვს მომზადებული.
თუ რუსეთი ომში ტოტალურ მარცხს არ განიცდის, იგი შეეცდება ბელარუსის ანექსიას. ამის საბაბად შესაძლოა გამოიყენონ დასუსტებული და დაბომბილი ბელარუსის უკრაინისაგან “დაცვის” მოტივი. ხოლო თუკი წარმატებას მიაღწია რუსეთმა, მაშინ ბელარუსის შთანთქმა სრულიად მოსალოდნელია.
მაშინაც კი, თუ რუსეთი ბელარუსის მხრიდან ფართომასშტაბიან შეჭრას ვერ განახორციელებს, მუდმივი სამხედრო დაძაბულობა უკრაინას აიძულებს მნიშვნელოვანი ძალები ფრონტის ძირითადი ხაზიდან იქით გადაისროლოს, რაც მოსკოვის ტაქტიკური ინტერესია.
7.უკრაინული დელტას მოქმედება:
უკრაინელები ტოტალურად აგროვებენ ღია თუ დახურულ წყაროებს. ინფორმაციას პრაქტიკულად მიმდინარე რეჟიმში აგროვებენ, ეს იქნება რუსი სამხედროს ან სამოქალქოს დადებული ვიდეო, გადაღებული ფოტო, გაკეთებული კომენტარი, განხორციელებული ზარი თუ სხვა. ჰაკერული და აგენტურული ქსელი რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე ინფორმაციას აგროვებს, ანახლებს, აწვდის სამხედროებს, ისინი ახორციელებენ მოწინააღმდეგეზე დარტყმას და ანადგურებენ მიზანს. რეალურად, რუსეთში ყველაფრის დაბლოკვა უკრაინული დელტას წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მცდელობაცაა, მაგრამ წარუმატებლად.
8.დარტყმების მაქსიმიზაცია:
მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო სტრატეგიის მთავარი ღერძი რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების მაქსიმიზაცია იქნება. უკრაინული მხარე გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს თავდასხმების ინტენსივობა სამხედრო აეროდრომებზე, ლოჯისტიკურ ჰაბებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. მიზანია რუსული არმიის მომარაგების სრული პარალიზება და რუსეთის ეკონომიკური რესურსების გამოფიტვა.
9.სერბული იარაღის შესყიდვა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი
საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინა აქტიურად მუშაობს შეიარაღების წყაროების დივერსიფიკაციაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სერბეთში სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადი ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, სერბული წარმოების იარაღი და განსაკუთრებით საარტილერიო ამუნიცია დიდი რაოდენობით ხვდება უკრაინაში. შესყიდვები ძირითადად მესამე ქვეყნების და შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს ეფექტურად შეავსოს დეფიციტური ჭურვების მარაგი.
ფრონტზე უპირატესობის შენარჩუნება პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს რუსეთი კავშირგაბმულობისა და ელექტრონული ბრძოლის (EW) საკუთარი სისტემების მოდერნიზაციას და რამდენად ეფექტურად დაუპირისპირდება ამას უკრაინული მხარე ინოვაციური დრონების წარმოებით.
10.ჩინეთის ფაქტორი:
ჩინეთი ცდილობს რუსეთმა გააგრძელოს ომი. ეს მის ინტერესებში შედის – სუსტდება რუსეთი, მასზე დამოკიდებულება იზრდება, ხოლო დასავლეთის ფოკუსი მისგან ისევ მოშორებით რჩება. ამიტომაც მოსალოდნელი და ლოგიკურია, როდესაც პუტინი ასეთი სიხშირით სტუმრობს ოფიციალურ პეკინს“, – წერს პროფესორი გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში.

