„მანგოს“ ხელმძღვანელის შვილი ლაშქრობისას მამამისის კლდიდან გადავარდნის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს

45 წლის ჯონათან ანდიკი (მარცხნივ) კატალონიის პოლიციამ სამშაბათს დააკავა.

GUARDIANGE – „მანგოს“ დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის ვაჟი მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დააკავეს.

45 წლის ჯონათან ანდიკი კატალონიის პოლიციამ სამშაბათს დააკავა, მოდის მაგნატის გარდაცვალების განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად უბედურ შემთხვევად იქნა მიჩნეული, თუმცა მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა.

71 წლის ისაკი 2024 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, როდესაც შვილთან ერთად ბარსელონასთან ახლოს, კოლბატოს მუნიციპალიტეტში, მონსერატის მთებში სეირნობისას ხევში გადავარდა.

ესპანური მედიის რამდენიმე გამოცემა წერდა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო და ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მათ შორის სერიოზული კამათიც მოხდა.

ჯონათანმა ადრე განაცხადა, რომ მამამისის სიკვდილში თავისი ხელი არ ურევია.

ისაკ ანდიკი ქეით მოსთან ერთად გადაიღეს 2011 წლის Mango-ს კოლექციის პრეზენტაციაზე პარიზში.

ოჯახის წარმომადგენელმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ ჯონათანი დაკითხვაზეა და ოჯახი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

მან „მანგოში“ 2005 წელს დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით იგი კომპანიის „მანგო მენის“ ხაზს ხელმძღვანელობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე გახდა.

კატალონიის გამომძიებლებმა საქმე თავდაპირველად 2025 წლის დასაწყისში დახურეს, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულებები ვერ იპოვეს, თუმცა იმავე წლის ბოლოს ხელახლა დაიწყეს გამოძიება და განაცხადეს, რომ ჯონათანის ჩვენებაში შეუსაბამობები იყო, იტყობინება გაზეთი „La Vanguardia“.

ჯონათანი სახლიდან ადგილობრივი დროით 11:00 საათის (09:00 GMT) შემდეგ წაიყვანეს საგამოძიებო განყოფილებაში, სადაც პოლიციამ ის კვლავ დაკითხა.

მოგვიანებით იგი მოსამართლის წინაშე წარსდგა, რომელმაც 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოთი გაათავისუფლა, მისი პასპორტის ჩამორთმევა ბრძანა და სასამართლოში ყოველკვირეულად გამოცხადება მოსთხოვა.

ესპანური მედიის ცნობით, გამომძიებლები დანაშაულის მოტივად როგორც შესაძლო ფინანსურ ინტერესებს, ასევე მამა-შვილს შორის დაძაბულ ურთიერთობას განიხილავენ.

თურქეთში დაბადებულმა ისაკმა Mango თავისი ძმის, ნაჰმანის დახმარებით 1984 წელს ბარსელონაში დააარსა და ამჟამად ქსელი 120 ქვეყანაში თითქმის 3000 ფილიალს მართავს.

გარდაცვალების დროს, Forbes-მა ბიზნესმენის წმინდა ქონება 4.5 მილიარდ აშშ დოლარად (3.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) შეაფასა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები