​სეიედ აბას არაყჩი პატრიარქ შიო III-ს: ყოვლისშემძლე უფალს შევთხოვთ თქვენი უწმინდესობის წარმატებას, მისი უწმინდესობა ილია II-ის სულის მარადიულ დიდებას და საქართველოს ხალხის დღეგრძელობას, ღირსებას, მშვიდობასა და წინსვლას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ​სეიედ აბას არაყჩი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს.

„სახელითა უზენაესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობა შიო III-ს

მე როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველი ერის უძველესი ისტორიის, სულიერი იდენტობისა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობისადმი ღრმა პატივისცემის გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება და ყურადღება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენებზე.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მტკიცედ დააკავშირა თავისი რწმენა, რელიგია, ეროვნული კულტურა და ისტორიული იდენტობა, ხოლო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საზოგადოების ერთიანობის, ზნეობრივი ურთიერთობების, ტრადიციებისა და ქრისტიანობაზე დაფუძნებული ეროვნული ერთსულოვნების განმტკიცებაში.

ასეთი მდგომარეობა ცხადყოფს იმ ერის ღრმა ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც აღმავლობისა თუ ძნელბედობის მიუხედავად, ყოველთვის მყარად იდგა თავის სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე.

იმ ვითარებაში, როდესაც თანამედროვე სამყარო რთული კულტურული და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, რელიგიური ინსტიტუტების როლი მშვიდობის, სოციალური ერთიანობისა და თანასწორობის შენარჩუნებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ მხრივ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდში კოლექტიურ სიბრძნეზე, წინდახედულობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პროცესები უაღრესად საყურადღებოა, რაც წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში რელიგიური სიბრძნის უძველესი ტრადიციის უწყვეტობას.

ირანის ისლამური რესპუბლიკა, მორალური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ფონზე, რაც გამოხატულია დიდი სახელმწიფოების აგრესიულ და ოკუპაციურ მოქმედებებში, ყოველთვის პატივს სცემს სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს, რელიგიურ რწმენას და რელიგიური ინსტიტუტების ადგილს ერების იდენტობაში.

ირანი მიიჩნევს, რომ რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგით მომზადდება სათანადო ნიადაგი ურთიერთგაგების, მდგრადი მშვიდობისა და ერებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი და რელიგიური პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მსახურებაში, სიბრძნესთან, ზომიერებასთან და მშვიდობასთან ერთად, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, იმედს და სულიერ სრულყოფილებას მოუტანს ქართულ საზოგადოებას.

ყოვლისშემძლე უფალს შევთხოვთ თქვენი უწმინდესობის წარმატებას, მისი უწმინდესობა ილია II-ის სულის მარადიულ დიდებას და საქართველოს ხალხის დღეგრძელობას, ღირსებას, მშვიდობასა და წინსვლას“, – აღნიშნულია მილოცვაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები