პაველ ჰერჩინსკი: რამდენიმე სამართალდამცველი დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი

არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები, როგორც იქნა, დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს პოლიციის რამდენიმე ოფიცერი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება.

„არსებობს ევროპული საბჭოს დასკვნები. ეს არის დოკუმენტები, რომლებიც ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ შეათანხმა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ რას ველოდებით კანდიდატი ქვეყნებისგან და, მათ შორის, საქართველოსგან. ასე რომ, ჩახედეთ დოკუმენტებს, არსებობს გაფართოების შესახებ ძალიან ფართო დასკვნა, რომელიც შარშან მოვამზადეთ. ის ნოემბერში გამოქვეყნდა. ვწუხვარ, რომ ამის თქმა ღიად მიწევს, ეს ანგარიში იყო კატასტროფული საქართველოსთვის. ახლა ვმუშაობთ გაფართოების ახალ ანგარიშზე, რომელიც წელს ნოემბერში გამოქვეყნდება. ბოლო დასკვნები, რომლებიც შეთანხმებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების დონეზე, არის მიღებული შარშან, დეკემბერში. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ დოკუმენტებს, სადაც წერია, რა ნაბიჯებს ველოდებით საქართველოსგან, რათა ის დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი საქართველოს ხელშია. ჩვენს მხარეს უკვე გადავწყვიტეთ. ახლა ჩვენ საქართველოს ველოდებით. სამწუხაროდ, დრო იწურება. ძალიან ბევრ დროს ვფლანგავთ. ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო.

უკვე არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები. ის ფაქტი რომ, როგორც იქნა, პოლიციის რამდენიმე ოფიცერი დააკავეს ძალადობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს დემონსტრაციების დროს. ჩემი აზრით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ ძალადობას ყველა მხრიდან. არის სხვა ნაბიჯებიც. მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად, მხარდასაჭერად, რჩევის მისაცემად. თუმცა ჩვენ გვჭირდება გულწრფელი ვალდებულება და ევროკავშირი არის დაფუძნებული ძალიან მკაფიო წესებზე. ევროკავშირის წევრები ვართ ოჯახი, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ყველა ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, უნდა ეყრდნობოდეს ერთსა და იმავე ღირებულებებს და პრინციპებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები