ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა – უძილაური დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ ფორმატში წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ საქართველოში გამოვლენილ იქნა ჯაშუშობის ფაქტი. დაკავებული არის საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალების შესაბამისად, აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას. დღევანდელ პროცესზე განხილული იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა.

ბრალდებული, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე, ეთნიკური უმცირესობების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტიკას, უცხო ქვეყნის დასახელებას, ასევე კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბარს, მოგეხსენებათ, საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პროცესში, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს.

საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს. რა სახის მტკიცებულებებია, ამ კონკრეტიკის გაჟღერება და გამოძიების მეთოდიკაზე საუბარი დააზიანებს გამოძიების ინტერესებს. ვადასტურებთ, რომ საქმეში მოპოვებული არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს. გამოძიება მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გარემოებების – მარტო მოქმედებდა თუ არა, მეთოდები, მიზნები, მოტივები – ამის დასახელება ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებს დააზიანებს“, – განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი კი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

„ჩვენ პატიმრობის გამოყენებაზე შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ, ვინაიდან ბრალს არ ვაღიარებთ და მიგვაჩნია, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები იმისთვის, რაც ბრალად აქვს შერაცხული ჯაშუშობის მუხლით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იყო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ბრალდებულს არ მიუმართავს სასამართლოსთვის, ის დუმილის უფლებას იყენებს. საქმეს აქვს სრულიად საიდუმლო გრიფი, მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე. მასალები არის ისეთი, რაც გულისხმობს, რომ საქმეს სრულიად საიდუმლო გრიფი ჰქონდეს. გუშინ საქმის მასალებს გავეცანი ბრალდებულთან ერთად. მრავალი ტომია. ბრალდებული არ ეთანხმება ბრალს, რადგან არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე სახის ინფორმაციაა საქმეში, არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები