GUARDIANGE – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირესთან დაკავშირებული სუპერიახტა ჰორმუზის სრუტეში გავიდა, მიუხედავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო არხის მიმდინარე ბლოკირებისა.
BBC-ის ცნობით, 142 მეტრის (465 ფუტი) სიგრძის მდიდრული გემი Nord-ი, რომელიც დაკავშირებულია სანქცირებულ რუს მილიარდერ ალექსეი მორდაშოვთან, შაბათ-კვირას დუბაიდან ომანის ქალაქ მასკატში გაემგზავრა და ბოლო თვეების განმავლობაში სრუტეში გადაკვეთილ რამდენიმე კერძო გემს შორის ერთ-ერთი იყო.
ირანმა ამ კვირაში რუსეთთან მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართა იმ ფონზე, როცა სრუტის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით აშშ-სთან დაპირისპირება გრძელდება.
გლობალური ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მარაგების დაახლოებით ერთი მეხუთედი ჰორმუზის სრუტეში გადის.

მორდაშოვი, რომელსაც პუტინთან ახლო კავშირები აქვს, გემის ოფიციალურ მფლობელად არ არის მითითებული, თუმცა, Nord-ის ჩანაწერები მიუთითებს, რომ გემი 2022 წელს მისი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ფირმაზე იყო რეგისტრირებული.
Marine Traffic პლატფორმაზე განთავსებული მონაცემების თანახმად, Nord-ი, რომლის ღირებულებაც 500 მილიონ დოლარს (370 მილიონი ფუნტი სტერლინგი) აჭარბებს, დუბაიდან პარასკევს ღამით გავიდა და კვირა დილით ომანის დედაქალაქის ალ-მუჯის ნავსადგურში შევიდა.
საზღვაო მოძრაობა სპარსეთის ყურის არხით ამჟამად ომამდელ დონეზე გაცილებით დაბალ დონეზეა.
კონფლიქტმა ხელი შეუწყო ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრ ზრდას, ორშაბათს Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 109 დოლარს (80 ფუნტი სტერლინგი) მიაღწია.
ირანმა განაგრძო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყლის გზაზე გადაზიდვების შეზღუდვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები ირანის პორტებს ბლოკადას დაუწესებდნენ.
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა „ნორდმა“ სრუტის გავლა მოახერხა მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კერძო გემები ძირითადად ერიდებოდნენ აღნიშნული საზღვაო მარტშრუტის გამოყენებას.
მიუხედავად იმისა, რომ ორ მხარეს შორის გრძელვადიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, თეირანმა ამ კვირაში თავისი დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობების განმტკიცებაზე გაამახვილა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს სანქტ-პეტერბურგში ირანის დელეგაციას უმასპინძლა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი მათ „სტრატეგიულ ურთიერთობას“ მიესალმა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინმა არაყჩის განუცხადა, რომ ამერიკისა და ისრაელის ზეწოლის მიუხედავად, ირანელი ხალხი „მამაცურად იბრძვის“ თავისი სუვერენიტეტისთვის.
არაყჩიმ X-ზე ფოტოები გაავრცელა, სადაც ის იღიმის და ხელს ართმევს პუტინს და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს.
მან დაწერა: „ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმე და სიმტკიცე დაადასტურა. ჩვენი ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, მადლიერები ვართ სოლიდარობისთვის და მივესალმებით რუსეთის მხარდაჭერას დიპლომატიის მიმართ.“

ჟურნალ „Superyacht Times“-ის პროფილის თანახმად, რუსულ სუპერიახტას აქვს საცურაო აუზი, წყალქვეშა ნავი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.
მორდაშოვი დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ჰონგ-კონგსა და მალდივებს აქამდე იახტა არ ჩამოართვეს, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების მოწოდებებისა მისი აქტივების გაყინვის შესახებ.
მორდაშოვი რუსეთის უდიდესი ფოლადისა და სამთო კომპანია „სევერსტალის“ თავმჯდომარეა.
დაახლოებით 37 მილიარდი დოლარის წმინდა ქონებით, მორდაშოვი ამერიკული ბიზნეს ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით, რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეა.
უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ის „ნორდის“ ბორტზე, როდესაც გემი ჰორმუზის სრუტეში გადიოდა.

