„კარგია, რომ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ნაურუმ უკან წაიღო ჩვენი ტერიტორიების აღიარება, იმიტომ რომ, ეს პირველი სახელმწიფოა, ვინც ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააკეთა.
2008 წლის შემდეგ წლებში, რუსეთი ძალიან აქტიურობდა ამ მიმართულებით. უამრავ ფულს ასხამდა. ივანიშვილის მისვლის შემდეგ ჩათვალა, რომ ეს აღარაა საჭირო, ივანიშვილმა აიღო ვალდებულება, რომ თვითონ აღიარებდა ტერიტორიების დაკარგვას და ამით საქმე მორჩებოდა, ხოდა ჩვენც მაშინ ჩავებით ამ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში. წყნარი ოკეანის კუნძულებთან დაკავშირებით, ჩემი მოკავშირე გახდა ავსტრალიის პრემიერ მინისტრი, რომელსაც რეგულარულად ვხვდებოდი სამიტებზე, სადაც დავმეგობრდით, ერთად ვსაუზმობდით და ვსადილობდით ხოლმე და ის ძალიან დადებითად განიმსჭვალა ჩვენს მიმართ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი და ყველაზე მძიმე სანქციები სწორედ ავსტრალიამ შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენთან სოლიდარობის ნიშნად.
ხოდა როდესაც ვანუატუმ, 600 ათასი მოსახლეობის მქონე კუნძულმა აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ავსტრალიამ გამოიყენა მთელი თავისი გავლენა და ვანუატუს უზენაეს სასამართლოს გადააყენებინა მთავრობა, ახალმა მთავრობამ აღიარება გააუქმა. თუმცა შემდეგ არჩევნებით დაბრუნდა ძველი მთავრობა და ისევ აღიარა, ამის საპასუხოდ ავსტრალიამ შემოიღო ეკონომიკური სანქციები და აღიარება უკან წააღებინა. მაშინ ვანუატუს პრემიერ მინისტრს შევხვდი აზიაში (ამ შეხვედრის ხარჯების გამოც მაქვს მოსჯილი პიჯაკების საქმის განაჩენი) მან მითხრა, გთხოვ ავსტრალიელებს სთხოვე სანქციები გააუქმოსო და ჩვენ აღარასდროს ჩავერევით თქვენს ამბავშიო. მეც დავურეკე ჩვენს მეგობარ პრემიერს, სანქციები მოიხსნა. ისევე როგორც დღის წესრიგიდან მოიხსნა რამე ახალი აღიარება წყნარი ოკეანის კუნძულებისგან.
იყო ასეთი შემთხვევაც, შევიტყვეთ რომ დომინიკის რესპუბლიკა გაურიგდა რუსებს აღიარებაზე. სასწრაფოდ ჩავფრინდი ვაშინგტონში, ჰილარი კლინტონთან შესახვედრად და ვთხოვე ეს არ დაეშვა. ამის შემდეგ ცოტა ხანში დომინიკის პრეზიდენტი გამომეკიდა გაეროს დერეფნებში – გთხოვ აუხსენი ჰილარის, რომ არასდროს გვიფიქრია აღიარება და აღგვიდგინოს დახმარების პროგრამებიო. თურმე ჰილარიმ არა მხოლოდ ამერიკული დახმარება შეუწყვიტა ამ კარიბის აუზის ქვეყანას, არამედ დაემუქრა ამერიკელი ტურისტების დაბლოკვას, შავ სიაში შეყვანით.აი ასეთი გლობალური გავლენა გვქონდა მაშინ, ისე რომ ჩვენ დროს რუსების სატელიტმა სირიამაც კი ვერ გაბედა აღიარება.
ახლა ნიკარაგუას და ტუვალუს გარდა რჩება ვენესუელას და სირიის მიერ აღიარება. ვენესუელას დღესდღეობით მართავს მარკო რუბიო, მისთვის დარეკვაც არ იქნება აუცილებელი, უბრალოდ რომ მიანიშნოს ვენესუელელები ეგრევე გააუქმებენ აღიარებას, მაგრამ ჩემი დროისგან განსხვავებით, ამათ უბრალოდ არ მიესვლებათ ამერიკელებთან. იმდენჯერ გადააგდო ივანიშვილმა ისინი. ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ სირიამ გააუქმა ყირიმის და დონბასის აღიარება. უკრაინას საქართველოზეც შეეძლო იგივე ეთხოვა, მაგრამ მას არანაირი მოტივაცია არ აქვს დაეხმაროს ივანიშვილის მტრულ რუსულ რეჟიმს. აი ეს არის ამომწურავი ცნობა იმაზე თუ რა ხდება ამ აღიარებებზე და საქართველოს უკიდურესად სუსტ სიტუაციაზე“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

