მარკო რუბიო: ჰორმუზის სრუტე ეკონომიკური ბირთვული იარაღის ტოლფასია, თეირანში ბილბორდებს აკრავენ და ტრაბახობენ, რომ მსოფლიოს ენერგიის 20-25%-ის მძევლად აყვანა შეუძლიათ

ჰორმუზის სრუტე, ფაქტობრივად, ეკონომიკური ბირთვული იარაღის ტოლფასია, რომლის გამოყენებასაც ისინი მსოფლიოს წინააღმდეგ ცდილობენ, თეირანში ბილბორდებს აკრავენ და ტრაბახობენ, რომ მსოფლიოს ენერგიის 20-25%-ის მძევლად აყვანა შეუძლიათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ირანს ბირთვულ იარაღზეც ექნება წვდომა, საფრთხე ბევრად გაიზრდება.

„წარმოიდგინეთ, ამავე ხალხს ბირთვული იარაღიც რომ ჰქონდეს. ისინი მთელ რეგიონს მძევლად აიყვანდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერის შესახებაც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ცოცხალია თუ არა მოჯტაბა ხამენეი, რუბიომ განაცხადა, რომ ამის ნიშნები არსებობს, თუმცა ვითარება ბოლომდე გარკვეული არ არის.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია. თავადაც ამას ამტკიცებენ. არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ასე არ არის. თუმცა უპასუხო კითხვებია: აქვს თუ არა მას იგივე ავტორიტეტი, რაც მამას ჰქონდა? აქვს თუ არა სასულიერო ლეგიტიმაცია, რომ უზენაესი ლიდერი იყოს? თავად იღებს გადაწყვეტილებებს თუ მის ნაცვლად სხვები მართავენ პროცესებს? ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს ასევე ჰკითხეს გავრცელებულ ცნობებზე, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნას დათანხმდებოდა, თუ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გადაიდებოდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე სპეკულირებას არ აპირებს, თუმცა განაცხადა, რომ კრიზისის მიზეზი სწორედ ირანის ბირთვული პროგრამაა.

„ბირთვული საკითხი არის მიზეზი, რის გამოც ამ მდგომარეობაში ვართ. ირანი მხოლოდ რადიკალური რეჟიმი კი არ არის, ისინი ცდილობენ რეგიონზე დომინირებას“, – განაცხადა რუბიომ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, რუბიომ აღნიშნა, რომ ამას პრეზიდენტი გადაწყვეტს.

„ყველას შევახსენებ, ირანის წინააღმდეგ სანქციების დონე არაჩვეულებრივია, ირანზე ზეწოლა არაჩვეულებრივია და ვფიქრობ,  მეტის გამოყენება შეიძლება. თუმცა იმედი მაქვს, ამ კონფლიქტის შემდეგ მსოფლიოს თვალი აეხილა იმ საფრთხეზე, რასაც ირანი წარმოადგენს. მათ სურთ, მსოფლიოსთან ბირთვული იარაღით იგივე გააკეთონ, რასაც ახლა ნავთობით აკეთებენ. მათ სურთ მსოფლიოს მძევლად აყვანა, რათა რაც უნდათ, ის გააკეთონ. ეს მიუღებელია. ახლა საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და თქვას, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას, სტაბილურობას. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სპარსეთის ყურეს, ისრაელს, არამედ მსოფლიოს და ეს ყოვლისმომცველად უნდა განიხილონ. იმედი მაქვს, დანარჩენი მსოფლიო შემოგვიერთდება დამანგრეველ სანქციებსა და სხვა ქმედებებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ამ რეჟიმზე და წავიდეს დათმობებზე, რისი გაკეთებაც მას არ სურს“, – განაცხადა რუბიომ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები