საქართველოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტყეებში ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთობლივი კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც გორის და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა და საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების კონსულტანტი დეკანოზი პეტრე (ხუმარქაშვილი) ესწრებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წკრიალაშვილმა ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვას და მდგრად მართვას. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ტყეში არსებული ეკლესია-მონასტრების რეგისტრაციის, ეკლესიისათვის მიჩენილი ფართობების მართვის და სხვა უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2024 წლის 15 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი კომისია. მისი მიზანია საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების მდგრადი მართვის ხელშეწყობა, ასევე ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის თანათავმჯდომარე, გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ოთარ ედიშერაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები